ფერმერები ევროპის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე მეტ ინფორმაციას ითხოვენ
წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში გადასასვლელად მთავრობა მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს. მცირე მეწარმეები აღნიშნავენ, რომ თავისუფალი სავაჭრო სივრცის ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ქეთინო შაიშმელაშვილი, რომელიც საკუთარ პროდუქტებს სოფლის შარაგზაზე ყიდის, ამბობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავარი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებაა.
,,გაჭირვებით ვყიდი სოფლის ნატურალურ პროდუქტს, როდესაც ასეთივე, მაგრამ კარგად შეფუთული პროდუქცია მაღალ ფასში იყიდება. საკმარისი თანხა არ მაქვს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ვაწარმოო პროდუქცია და არც ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი”, – აცხადებს knews.ge-სთან შაიშმელაშვილი.
ექსპერტები ამ მიმართულებით რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმზე საუბრობენ და სხვადასხვა სახის ცნობიერების ამაღლების კამპანიის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ისინი საინფორმაციო ცენტრების გახსნის აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.
,,სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართულ მოქალაქეებს უნდა ქონდეთ სრული ინფორმაცია თუ რა პერსპექტივები აქვს ქართულ პროდუქციას ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისთვის”, – განუცხადა knews.ge-ს ,,ერთად შევეგებოთ ევროპას’’ წარმომადგენელმა თამუნა ხურციამ.
,,რეგიონებში მცხოვრები მოქალაქების დიდ ნაწილს ინფორმაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესახებ ფაქტობრივად არ გააჩნიათ. ამასთან დაკავშირებით ბევრი სამუშოა ჩასატარებელი, რათა მათი ინფორმირების დონე გაიზარდოს. ყველას აქვს უფლება, იცოდეს იმ სიკეთის შესახებ, რასაც ევროპის ბაზარი გვთავაზობს”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე.
თელაველი ნინო გაიპარაშვილი ევროკავშითან ვაჭრობის პერსპექტივას პოზიტიურად აფასებს, თუმცა კუსტარული წესით დამზადებული ნაწარმის ევროკავშირის ბაზარზე გატანა შეუძლებლად მიაჩნია.
,,ტელევიზორში რასაც გადმოსცემენ, მხოლოდ იმ ინფორმაციას ვისმენთ. წვდომა ევროპის ბაზრებზე მხოლოდ დიდ კომპანიებს შეუძლიათ. ისინი, ვისაც ფინანსური რესურსი აქვთ, თანამშრომლებსაც გადაამზადებს და პროდუქციასაც მოთხოვნილი სტანდარტების მიხედვით აწარმოებს. უნდა არსებობდეს ცენტრი, სადაც კონსულტაციას გაუწევენ ადგილობრივ მოსახლეობას და გზას უჩვენებენ საით წავიდეს, რა მოიყვანოს, რა არის მომგებიანი და სხვა. პროდუქცია ყველას მოყავს, მაგრამ არც გასაღების ბაზრებია ჩვენთვის და არც სხვა სიკეთე”, – ამბობს გაიპარაშვილი.
კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიული 2014-2021 წლის გეგმის მიხედვით, რეგიონის განვითარების მთავარი შესაძლებლობა აგრო მეურნეობების მოდერნიზაცია და სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდის ხელშეწყობაა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.