კახეთში მცირე მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არარეგისტრირებული საწარმოებია
მესამე სექტორი ხელისუფლებას არარეგისტრირებული პროდუქციის კონტროლს სთხოვს და ევროკავშირთან დადებულ ასოცირების ხელშეკრულებას ახსენებს.
ჯიმშერ ხატიაშვილი დედოფლისწყაროში უკვე წლებია ცხოვრობს. მას სოფელ სამრეკლოში რძის გადამამუშავებელი საწარმო, შპს ,,მარიამის“ აქვს და ოთხი წელია, რაც სულგუნს უძველესი ტრადიციით ამზადებს. მეწარმე მზა პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს და შიშობს, რომ საწარმო შესაძლოა დაიხუროს. ის პრობლემას არარეგისტრირებულ მეწარმეებს უკავშირებს და ამბობს, რომ მისი პროდუქცია, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს დაწესებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ადგილობრივ ბაზარზე არსებული კუსტარული წესით დამზადებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს.
,,ჩემი აზრით, უნდა მოგვარდეს გარევაჭრობის პრობლემა, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა. აუცილებელია, რომ არარეგისტრირებული საწარმოების პროდუქცია გაკონტროლდეს და თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რასაც სახელმწიფო უწესებს, არ უნდა ჰქონდეთ პროდუქციის გაყიდვის უფლება. აღარ შეგვიძლია განვახორციელოთ ის რეკომენდაციები, რასაც სურსათის უვნებლობის სამსახური ითხოვს. ჯამში ჩვენთვის70 000 ლარია საჭირო, რომ გაწერილი რეკომენდაციები შევასრულოთ. თუ ინვესტიციები არ ჩაიდება, არ არის გამორიცხული, საწარმო დაიხუროს’’, – განუცხადა Knews.ge-ს ჯემალ ხატიაშვილმა.
არარეგისტრირებული საწარმოების პროდუქციის კონტროლს ითხოვს მესამე სექტორიც. ისინი ხელისუფლებას ახსენებენ ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს მთავრობას ევროპაში მოქმედ კანონმდებლობასთან ქვეყნის საკანონმდებლო აქტების მიახლოებას ავალდებულებს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის შესახებ, მის დადებით მხარეებზე აუცილებელია როგორც მცირე და საშუალო ფერმერების ინფორმირება, რათა მათ უსაფრთხო პროდუქტის წარმოება გაზარდონ. ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი რეგისტრირებული საწარმოების მიერ დამზადებული უსაფრთხო პროდუქციის რეალიზაციის პრობლემას სურსათის უვნებლობის საკითხებზე მომხმარებლების ინფორმირების ნაკლებობას უკავშირებს. კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ წარმოებულ პროდუქტზე დაწესებული რეგულაცია დანახარჯსაც გულისხმობს, თუმცა სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაკმაყოფილება უცილებელია, რათა საქონელი კონკურენტუნარიანი გახდეს და თანამედროვე სტანდარტებიც დააკმაყოფილოს, რაც, საბოლოოდ, ეკონომიკის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
,,ყველა სააწარმოს უნდა ჰქონდეს ვალდებულება აღღებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვაზე. ის საწარმოები, რომლებმაც უკვე დანერგეს HACCP-ის სტანდარტი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ნელ–ნელა უახლოვდებიან ევროკავშირის სტანდარტს. ესენი ძირითადად დიდი საწარმოები არიან. დღეს მომხმარებლის მოთხოვნა სურსათის უვნებლობაზე არის იმ დონეზე, რომ ის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მართლაც უვნებელ პროდუქტს, ვერ ყიდიან საქონელს და ის მეწარმეები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს საეჭვო პირობებში, პროდუქციის რეალიაზციას მაინც ახერხებენ. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა და ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლების ინფორმირების დონეც აუცილებელია გაიზარდოს, რათა მას არ დაენანოს ცოტა ძვირის გადახდა პროდუქტში და გაიხანგრძლივოს სიცოცხლე უვნებელი პროდუქტის მიღებით’’,– განუცხადა knews.ge-ს კახა გოგოლაშვილმა.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი კი მეწარმეებს კოოპერაციაში გაერთიანებას ურჩევს. პაატა გაფრინდაშვილი ფიქრობს, რომ კოოპერირების გზით ფერმერები წარმოებაში სურსათის უვნებლობის სტანდარტებს უფრო ადვილად დანერგავენ და ბიზნესსაქმიანობასაც გააფართოებენ.
,,მცირე მეწარმეებისთვის ცალკ–ცალკე ძალიან ძნელია წარმოების გაზრდა და საკუთარი ინტერესის დაცვა. მათ კოოპერირებას ხელი უნდა შეუწყოს მთავრობამაც და თუ ისინი გაერთიანდებიან, უფრო ადვილი იქნება ინფორმაციის მიღება, წარმოების გაზრდა და ინტრესების დაცვა. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია და იქ არის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს 2029 წლამდე. ამ ვალდებულებების ძირითადი ნაწილი ქვეყანამ უნდა შასრულოს 2020 წლამდე’’,– განუცხადა Knews.ge–ს პაატა გაფრინდაშვილმა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ წარმოებაში ევროპული სტანდარტების დანერგვა, სურსათის უსაფრთხოება და მისი ხარისხის გაზრდა ხელს შეუწყობს კონკრეტული დარგების განვითარებას და პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას. ამ კუთხით კი საქართველოში კიდევ ბევრი პრობლემა უნდა მოგვარდეს.