ლაგოდეხში ევროკავშირი ახალ 3 მილიონიან საპილოტე პროგრამას იწყებს
გუშინ ქალაქ ლაგოდეხში დაცული ტერიტორიების სააქტო დარბაზში ევროკავშირის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოში სოფლის განვითარების ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია შედგა.
საპილოტე პროგრამა რომელიც ლაგოდეხში განხორციელდება დაეხმარება ეფექტური და ევროპული გამოცდილებებზე დამყარებული სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას და რეგიონების თემებისა და თვითმმართველობის უკეთეს ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესებში შეუწყობს ხელს, პროგრამა დაეხმარება მათ უნარების გაუმჯობესებაში და ბიზნესის განვითარებაში როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ეკოტურიზმი, სასოფლო ბიზნესი. საპილოტე პროექტი ლაგოდეხში საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია CARE-ის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და ესპანური პარტნიორი ორგანიზაცია ETEA-ს ფონდის (ანდალუზიის რეგიონული განვითარების ფონდი) მიერ განხორციელდება.
სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერის ლაგოდეხში ჯუბა მარუაშვილის თქმით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების შესაძლებლობას და სიღარიბის დაძლევას. მარუაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივო განვითარების ჯგუფი, რომელიც პროგრამის ფარგლებში შეიქმნება, გახლავთ გრძელვადიან პერსპექტივაში მზრუნველი ინსტიტუტი, რომელსაც ეყოლება საკუთარი ბორდი და გენერალური ასამბლეა. მისი განმარტებით, აღნიშნული ჯგუფი 50-100 ადამიანით დაკომპლექტება, რომელშიც საჯარო მოხელეები, ბიზნესმენები, მცირე მეწარმეები და ადგილობრივი დაინტერესებული მოქალაქეები შევლენ.
,,პროექტის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. პირველი ეტაპი მოიცავდა სათემო მობილიზაციას, ლაგოდეხში არსებული პრიორიტეტების, საჭიროებების და პრობლემატიკის კვლევას. ეს პროცესი არის სწორედ ლაგოდეხის განვითარების სტრატეგიის ნაწილი და ის უმთავრესი დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც საგრანტო კომპონენტის ფარგლებში მხარს დავუჭერთ გამოვლენილ სოციალურ და ეკონომიკურ ინიციატივებს. შეხვედრაზე რომელიც ლაგოდეხში ჩატარდა, მოხდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრების პირველი შეკრება. ეს არის ჯგუფი, რომელიც პერმანენტულად იმუშავებს. მისი მიზანია მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პროექტი იმუშავებს, არამედ მისი დასრულების შემდგომაც. განვითარების ჯგუფი ჩვენი მუშაობის და სათემო მობილიზაციის შედეგად შეიქმნა. სოფელში მცხოვრებლებმა პრიორიტეტული სფეროების მიხედვით თავად დაასახელეს იქ აქტიური ადამიანები, ვინც სურდათ ამ ჯგუფში ყოფილიყო მათი სოფლის თუ უბნის წარმომადგენელი. შესაბამისად ეს იქნება საკმაოდ მდგრადი სისტემა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საჯარო მოხელეებით, მცირე მეწარმეებით და ადგილობრივი მოსახლეობით. აღნიშნულ ჯგუფს ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია CARE თავის ტექნიკურ კოორდინატორებსაც გადასცემს, რომ დაეხმარონ მათ ეფექტურად მუშაობაში’’,- ამბობს მარუაშვილი.
პროექტის მენეჯერის განმარტებით, ის მიზნად ისახავს თემისა და თვითმმართველობის გაძლიერებასა და მხარდაჭერას, რათა მათ თავად შეძლონ განსაზღვრონ რეგიონის პრიორიტეტები და განახორციელონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. მისივე განმარტებით, ევროკავშირი ხელს უწყობს რეგიონების თემებისა და თვითმმართველობის უკეთეს ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესებში, ეხმარება მათ უნარების გაუმჯობესებაში და ბიზნესის განვითარებაში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ეკოტურიზმი ან დივერსიფიცირებული სასოფლო ბიზნესი. ეს კი ხელს უწყობს სოფლად დასაქმების შესაძლებლობას და სიღარიბის დაძლევას.
,,ჩვენ გვინდა მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია და ბრენდინგი მოვახდინოთ, ამისთვის ვქმნით ,,ლაგოდეხის მეგობართა ჯგუფს’’ რომელიც ქვეყნის მასშტაბით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და აქ არსებული რესურსების პოპულარიზაციაზე იმუშავებს. ერთ-ერთ მთავარ შედეგს რასაც პროექტისგან ველოდებით , გახლავთ, ის რომ ამაღლდება მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჩართულობის დონე და მათ თავად ექნებათ განცდა იმის, რომ რაც კეთდება ან უნდა გაკეთდეს , ყველაფრის შემოქმედები იქნებიან თვითონ. მომავალი წლიდან სავარაუდოდ 16 საგრანტო წინადადებას დავაფინანსებთ. პირველ წელს ჩვენ პრიორიტეტი მივანიჭეთ ეკონომიკური ტიპის აქტივობებს, ამ ტიპის საგრანტო განაცხადების და იდეების მხარდაჭერა თავისთავად მოიტანს დასაქმების მხარდაჭერას. ასევე მოხდება სოციალური ტიპის მხარდაჭერაც, რაც ხელს შეუწყობს იმ მოწყვლადი ჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერებას რომელთაც ნამდვილად ჭირდებათ დახმარება.’’
საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, კაიდო სირელი ამბობს, რომ ლაგოდეხს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პოტენციალი აქვს.
,,ლაგოდეხი ავირჩიეთ იმიტომ, რომ ეს არის არა ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარების, არამედ კონკრეტულად სოფლის განვითარების პროგრამა და მოიცავს ტურიზმსაც, რომლის პოტენციალიც აქვს ლაგოდეხს თავისი ადგილმდებარეობიდან და ბუნებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა თვითონ დაადგენს პრიორიტეტებს რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ამის მიხედვით გადანაწილდება თანხებიც. თუმცა ეს არის საპილოტე პროექტი, ვნახავთ რამდენად წარმატებული იქნება ის და თუ გაამართლა,ის გავრცელდება მთელს საქართველოზეც. მოსახლეობის აქტიურობაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. ეს იქნება გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების საფუძველი.’’
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის, კახა ჯამბურიას თქმით, ადგილობრივი მმართველობა მზად არის პროექტის ფარგლებში ყველა მხარესთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. მისი განმარტებით, ლაგოდეხისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი სახის პროექტების განხორციელება, რადგან ის მის გაძლიერებას და განვითარებას ისახავს მიზნად.
,,გაგვიმართლა და მოვხვდით იმ სამ მუნიციპალიტეტს შორის სადაც ENPARD -ის პროგრამა განხორცხიელდება. ის ორწლიანია და ითვალისწინებს ბევრი კეთილი საქმის გაკეთებას. ყველაზე მთავარია, რომ მოხდება სტრატეგიული გეგმის შემუშავება თუ როგორ და რა გზებით უნდა განვითარდეს მუნიციპალიტეტი. ასევე გვექნება მიკრო გრანტების პროექტი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ადგილობრივი კოოპერატივების და მცირე მეწარმეების გაძლიერება. დონორები დაეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ განავითარონ სოფლის მეურნეობა და სოფელი. ჩვენი მხრიდან, თანამონაწილეობისათვის მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ. მე იმედი მაქვს, როცა ეს პროგრამა დასრულდება ,ლაგოდეხი იქნება ერთ-ერთი სამაგალითო მუნიციპალიტეტი, სადაც ეს პროგრამა დადებით შედეგებს გამოიღებს’’- თქვა კახა ჯამბურიამ.
ლაგოდეხში მცხოვრები მცირე მეწარმეები და ბიზნესმენები აღნიშნული პროექტის დაწყებას დადებითად აფასებენ. მათი თქმით, გრანტების პროგრამა ხელს შეუწყობს მათი საოჯახო-ფერმერული მეურნეობების გაძლიერებას. შპს ,,ბიო ეზოს’’ დამფუძნებელი, ვიქტორ კერვალიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ პროგრამაში აქტიურად ჩაერთვება. მისი თქმით, ENPARD –ის პროგრამა სოფლად მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საკუთარი ბიზნეს იდეები განახორციელონ და შემოსავალი მიიღონ.
„მაქვს ტურისტული საოჯახო სასტუმრო კომპლექსი და ბიო ფერმა, სადაც მყავს განსაკუთრებული ჯიშის ცხოველები და ფრინველები, რომლებიც გამოირჩევიან ჩვეულებრივი ჯიშებისგან. ვაპირებ ამ პროექტში ჩავერთო. ეს პროექტი არის ევროკავშირის მხარში დგომა მეწარმესთან. სასოფლო თემებში შეიძლება არსებობდეს კარგი ბიზნეს-იდეა, მაგრამ აქამდე ვერ ხორციელდება რადგან მოსახლეობას არ აქვს სწორად წარმოდგენილი როგორ განახორციელოს და იშოვოს ფინანსური პარტნიორი, რომელიც გრანტს მისცემს. მნიშვნელოანია, რომ პირველ ეტაპზე ყველას მოუსმენენ და ამოარჩევენ პრიოროტეტულ პრობლემებს, ასწავლიან როგორ შეფუთონ უკეთესად და სიცოცხლისუნარიანი გახადონ პროექტი. საუკეთესო იდეებს კი გრანტის სახით დააფინანსებენ. ეს არის ძალან დიდი მხარდაჭერა. ჩემი აზრით, ამ პროექტის ფარგლებში ყველა მიმართულებით პოტენციალი დიდია, ამიტომ მოსახლეობის ჩართულობაც იქნება ძალიან მაღალი,’’- განაცხადა ვიქტორ კერვალიშვილმა.