ენის ბარიერი – არჩევანის ბარიერი
წინასაარჩევნო პერიოდში ეთნიკური უმცირესობებისათვის ძირითად პრობლემას ენობრივი ბარიერი წარმოადგენს. ადგილობრივების განმარტებით, მართალია ისინი არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, თუმცა საარჩევნო ბიულეტენის წაკითხვა უჭირთ. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისინი საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ იგებენ თუ რა არჩვენბი ტარდება და ვინ არიან მონაწილეები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქეშალოს მცხოვრები იმქა მამედოვი ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობს. ჟურნალისტებთან კონტაქტში ადვილად შემოდის, თუმცა საარჩევნო თემა მისთვის არცთუ საინტერესო სასაუბრო აღმოჩნდა. მამედოვის განცხადებით, მას ამ თემაზე საუბარი არ სურს, რადგან არ იცის არჩვენების შესახებ რა თქვას:
,,მე მინდორის კაცი ვარ და არაფერი არვიცი არჩევნებზე. თუ მეცლება, წავალ, მაგრამ მაგდენი დრო სად მაქვს. აქ არავის არ მოსულა ჯერ და ვის მივცე ხმა, ვინ ავირჩიო, რა არჩევნები ტარება არც ეგ არვიცი. მე ქართულად ცოტა მესმის, მაგრამ კითხვა ვიცი და როგორ მივცე ხმა. იქ რომ მივალ, დამეხმარებიან“.
იმქა მამედოვმა ახალგაზრდებთან გადამამისამართა, თუმცა არც მათთვის აღმოჩნდა საარჩევნო თემაზე საუბარი საინტერესო. აზირ აბდულაევმა ქართული წერა კითხვა არ იცის, თუმცა ფიქრობს, რომ, მიუხედავად ამისა, საარჩევნო უბანზე მისულს ხმის მიცემა არ გაუჭირდება და მეტიც, ბიულეტენსაც წაიკითხავს:
,,ვინც კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, იმას მივცემ ხმას. მართალია, ქართული არ ვიცი და კარგად ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ ცოტა კითხვა ვიცი, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ გამიჭირდება კანდიდატების სახელებისა და გვარების წაკითხვა“.
აბდულაევი კამერის გარეშე, პირად საუბარში განმარტავს, რომ ყველაზე კარგი საშუალება საკუთარ ენაზე დაბეჭდილი ბიულეტენით სარგებლობაა, რაც ყველას გაუადვილებს საარჩევნო პროცედურებს. ის ასევე, ამბობს, რომ შეხვედრები უნდა ტარდებოდეს, რათა მოსახლეობამ არჩევნების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს და საკითხის ირგვლივ ინტერესიც გაიზარდოს.
საარჩევნო პროცესებში უმცირესობათა ინფორმირებულობის დონის გაზრდაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი. მისი განმარტებით, ყოველი არჩევნების წინა პერიოდში აუცილებელია ეთნიკურ უმცირესობებს ქონდეთ ბიულეტენებისა და სხვა საარჩევნო მასალის იმ ენაზე გაცნობის საშუალება, რომელ ენასაც ისინი ფლობენ:
,,ბოლო წლებში გამართულ არჩევნებში ეთნიკური უმცირესოებით დასახლებულ თემებთან სერიოზული პრობლემები შეგხვდა არამარტო ბიულეტენების შევსების შემთხვევაში, არამედ კომისიის წევრებთან ურთიერთობებშიც, რაც უამრავ დარღვევას იწვევს. აზერბაიჯანულ ენაზე უნდა მომზადდეს არამარტო საარჩევნო-სააგიტაციო მასალები, არამედ ნორმატიული აქტებიც. ამ შემთხვევაში, კომისიის წევრები და არჩევნების პროცედურებში ჩართული პირები შესძლებენ თავიანთ მშობლიურ ენაზე ამ მასალების წაკითხვას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. მნიშვნელოვანია, რომ მათ ქონდეთ გათვითცნობიერებული, რომ ხმის მიცემით მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ. პასიური ამომრჩეველი საშიშია დემოკრატიისათვის. მნიშნელოვანია სოფლებში ადგილზე შეხვედრები, იმიტირებული საარჩევნო პროცედურების გავლა ახალგაზრდებში, საარჩევნო მასალების დარიგება და სხვა მსგავსი საინფორმაციო კამპანიების ჩატარება“.
#11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მანანა ბარიხაშვილის ინფორმაციით, წლევანდელ შუალედურ არჩევნებზე ბიულეტენი ორივე ენაზე, ქართულსა და აზერბაიჯანულზე დაიბეჭდება. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზეც.