არჩევანი ქალებს
კახეთის სოფლებში ქალთა უფლებები უხეშად ირღვევა. ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში დაბალია ქალთა აქტიურობა არჩევნებზეც. მიუხედავად მრავალი საინფორმაციო კამპანიისა, რომელიც მთავრობის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელდა, ქალები საკუთარი უფლებების დაცვას მაინც ვერ ახერხებენ. სოფელში გავლისას ქუჩაში ქალს იშვიათად დაინახავთ. ისინი კი ვისაც გარეთ გამოსვლის უფლებას აძლევენ, გვერდით შვილი ან მეუღლე ახლავთ.
სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები სადაფ ნოვიზოვი ,,კახეთის ხმასთან“ ინტერვიუს ქმრისგან ნებართვის აღების შემდეგ დასთანხმდა. მისი თქმით, აქაური ქალები ქუჩაში გამოსასვლელად ვერ იცლიან, რადგან ბევრი საქმე აქვთ. კითხვაზე აქტიურობენ თუ არა ისინი არჩევნებზე და აპირებს თუ არა თავად გამოიყენოს ხმის მიცემის უფლება, გვპასუხობს, რომ ის საარჩევნო უბანზე არასოდეს ყოფილა, თუმცა დიდი სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა. ,,მე არჩევნებზე ნამყოფი არ ვარ, არ მივდივარ ხოლმე. ქალებს საქმეები აქვთ და ბევრი მაგიტომ ვერ მიდის ხმის მისაცემად’’,- აცხადებს ნოვიზოვი.
როგორც სოფლებში ამბობენ, აქ მცხოვრები ქალების უმეტესობა შვილების მოვლით, მესაქონლეობით და სახლის საქმეებით არის დაკავებული. სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი, ეიბურგ მირზაევი ამბობს, რომ ქალები არჩევნებზე არ დადიან, რადგან ისინი მთელი დღე მინდორში მუშაობენ. ,,ქალები არ დადიან არჩევნებზე, იმიტომ რომ სულ მინდორში არიან, პირუტყვს მწყემსავენ და საქმიანობენ. გზაზე გამოსულსაც ვერავის ნახავთ სულ მუშაობენ. თუ არჩევნებზე წავა ჩემი მეუღლე ვეუბნები ვინ უნდა შემოხაზოს და ისიც მას აძლევს ხმას’’,- ამბობს ეიბურგ მირზაევი.
ლამბალოელი ალხან გულიევი ამბობს, რომ მისმა მეუღლემ ქართული წერა-კითხვა და საუბარი არ იცის, ამიტომ ის არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში იმყოფება სოფლად მცხოვრები ქალების უმეტესობა. ,,ჩვენი ქალები არ დადიან არჩევნებზე რადგან ისინი დაჩაგრულები არიან. მათმა დიდმა ნაწილმა ქართული წერა-კითხვა არ იცის და ჩვენ ვუხსნით ხოლმე ვინ უნდა შემოხაზონ.’’
ქალების დაბალ აქტივობას ტრადიციებს უკავშირებს ლამბალოს მკვიდრი ელსან აბასოვი. მისი თქმით, მამაკაცები ქალებს არჩევნებზე კი არა ქუჩაშიც არ უშვებენ. ,,არჩევნებში ქალების მცირე ნაწილი იღებს მონაწილეობას. არ უშვებენ მათ გარეთ, ესეთი წესი გვაქვს. შინაური ქალები არიან და გარეთ არ გადიან. ვინც ცოტა განათლებულია ის გადის გარეთ და მონაწილეობასაც იღებს არჩევნებში’’,ჶ ამბობს ელსან აბასოვი.
„გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად. საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა და საშინაო საქმეების კეთება. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (63%) მიიჩნევს, რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება მას. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენლის, ექსპერტის გენდერის საკითხებში, ჯილდა ნიბლაძის თქმით, პრობლემა ქალებშიც არის, რადგან ფიქრობენ, რომ ქმრებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ: ,,ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ვალდებულია, იჯდეს სახლში, შვილები ზარდოს, სახლი დაალაგოს, ქმარს მომზადებული საჭმელი დაახვედროს, მოემსახუროს და დაემორჩილოს ქმარს. ქალთა უფლებები ქალაქშიც და სოფელშიც ყოველდღიურად ირღვევა. განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში. მათი დიდი ნაწილი მალავს ძალადობის ფაქტს. გავრცელებული აზრის მიხედვით, ქალი უნდა იყოს ქმრის მონა, გააკეთოს ის, რასაც ქმარი ეტყვის. გენდერული ბალანსი რომ არ დაირღვას, უნდა ჩატარდეს მეტი პრევენციული ღონისძიებები როგორც სახელმწიფოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან’’,- აცხადებს ძალადობისგან დაცვის ცენტრის თანამშრომელი ჯილდა ნიბლაძე.