ახალგაზრდების არჩევანის ორი მხარე
იორმუღანლოელი ახალგაზრდა მოქალაქეების გარკვეული სეგმენტი 31 ოქტომბერს მაინც აპირებს მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას იმის მიუხედავად, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება. ნაწილი კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს არ იცნობს და ამიტომ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.
18 წლის იასინ აბაზოვისათვის საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმირებას სერიოზულად ართულებს ის ფაქტი, რომ ქართულ ენაზე მიღებული ინფორმაციის გააზრება უჭირს. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჟურნალისტის კითხვას სახელმწიფო ენის საკომუნიკაციო დონეზე მცოდნე მისი თანასოფლელი უსვამს. ახალგაზრდები მოქალაქეობრივი ვალის მოხდას მაინც აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნების შესახებ აქამდე არაფერი გაუგიათ. „ამან არ იცის რა არჩევნებია. რა უნდა იცოდეს? ჯერ ბავშვია. მეც არჩევნებში ვარ და თუ საჭირო იქნება, ესეც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“, – გვეუბნება იასინის მეზობელი ეიბურგ მირზაევი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი იორმუღანლოელი იასახან მამედოვი მოსალოდნელი შუალედური არჩევნების შესახებ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და ფიქრობს, რომ ამ პროცესში მის მონაწილეობას აზრი არ აქვს. იასახანი იმასაც ამბობს, რომ არჩევნები არ აინტერესებს და ხმის მიცემი უფლებას არც აქამდე იყენებდა. „არ ვიცი რომ არჩევნები ტარდება და არ ვმონაწილეობ. არ მაინტერესებს. არც მაქვს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება“, – აცხადებს ისახან მამედოვი.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი არნოლდ სტეფანიანი ფიქრობს, რომ ეთნიკური აზერბაიჯენელი ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და აქტიურობის გაზრდის მიზნით მთავრობამ და არასამთვრობო სექტორმა ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებასთან მათ ინტეგრაციას. სტეფანიანი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ამომრჩევლის ინტეგრირების მიზნით სკოლებში უნდა შეიცვალოს ქართული ენის სწავლების მეთოდიკა.