სტატიები

„მე ვისაც მივცემ ხმას, ჩემმა ცოლმაც იმას უნდა დაუჭიროს მხარი““

საქართველოს აზერბაიჯანული თემის კვლევის მიხედვით, ქართული ენა საკომუნიკაციო დონეზეც კი არ იცის ეთნიკური უმცირესობის ამომრ­ჩეველთა 41,8%-მა. დაახლოვებით 22%-ს ესმის, მაგრამ სახელმწიფო ენაზე კითხვისა და წერის უნარები არ აქვს. ქალების 54%-მა კი ქართული ენა საერთოდ არ იცის.

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ საგარეჯოს მუნიციპა­ლიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები ქალები, რომლებიც არჩე­ვნებში მონაწილეობას გეგმავენ, ამბო­ბენ, რომ ხმას კანდიდატს საარჩევნო ნომრის მიხედვით მისცემენ, რადგან სახელისა და გვარის ქართულ ენაზე წაკითხვას ვერ შეძლებენ. საარჩევნო უფლებების შესახებ კი ძირითადად ინფორმირებულნი არიან სოფლის სკოლის მასწავლებლები. ისინი ამ­ბობენ, რომ არჩევანს შეაჩერებენ იმ კანდიდატზე, რომელსაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ. „არ ვიცი, რა არჩევნები მოდის და როდის, არ გამიგია, ეხლა გავიგე. კანდიდატები არ მოსულან აქ. თან ქართულიც არ ვიცი. თუ მომინდა, რომ მაინც წავიდე არჩევნებზე, ვერც ჩემი ძმა და ვერც მამა ვერ მეტყვის ვის დავუჭირო მხარი“, – ამბობს 25 წლის აიდა ბაირამოვი.

 ქალბატონისგან განსხვავებით მამაკაცების გარკვეულ ნაწილს ქალე­ბის საარჩევნო უფლება სხვაგვარად ესმით. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალებმა მამაკაცების სასურველ კანდიდატზე უნდა შეაჩერონ არჩევანი და ამას და­მკვიდრებული წესჩვეულებით ხსნიან. „ჩვენთან წესია, რომ ქალმა უნდა შემოხაზოს ის, რასაც ქმარი ეტყვის. სხვანაირად არ არსებობს. არჩევნების დროს სულ ასეა“, – აღნიშნავს დურ­სუმ აბდალოვი. 

იორმუღანლოში არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას რომელ კანდიდატს თუ პოლიტიკურ პარტიას დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. შესაბა­მისად ქალბატონები ემორჩილებიან საერთო საოჯახო გადაწყვეტილებას. „ოჯახში ხომ არის ლაპარაკი, რომ ეს არის კარგი დეპუტატი, თუ პრეზი­დენტი. ჩვენ ერთად ვწყვეტთ ამას. თუ ქალი სხვას მისცემს ხმას, მაშინ სასამართლოზე განვქორწინდებით. ისე ხომ არ არის, რომ მე სხვა ოჯახ­ში ვცხოვრობ და ჩემი ცოლი – სხვა ოჯახში“, – აცხადებს თარნი მედიევ მამედოვი.

საარჩევნო პროცესის ჯანსაღად წარმართვის მიზნით, ექსპერტები პროცესებში ქალთა აქტიურ ჩარ­თულობას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ. ისინი მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ინფორმირების გაზრდის მთავარ მექანიზმად კანდი­დატების მხრიდან ხშირ საინფორ­მაციო კამპანიის განხორციელებას მიიჩნევენ. ისინი აცხადებენ, რომ სა­არჩევნო გზავნილები და პროგრამები ქალბატონებს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მიეწოდოს. „თუ ნებისმიერი მოქალაქე, ეს იქ­ნება ქართველი ქალი, თუ ეთნიკური უმცირესობა, არჩევნებში მონაწილეო­ბა არ მიიღო, არჩევნებისათვის არასა­სურველი ფაქტორია. მნიშვნელოვა­ნია, რომ ქალებმა თავიანთი არჩევანი გამოხატონ. ამისთვის კი კანდიდატე­ბის პროგრამები უნდა გააანალიზოს, გაიაზროს და ისე გააკეთოს არჩევანი. ეს არ ხდება ხოლმე. მათ სჭირდე­ბათ ცნობიერების ამაღლება, თუმცა ბოლო ხუთიჶექვსი წელია, რაც ქალები შედარებით გააქტიურდნენ. კარგი იქნება, რომ ეთნიკურ უმცირესობებს კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამები გააცნონ მშობლიურ ენაზე“, – აცხადე­ბს ასოციაცია „ვეჯინის“ თავმჯდომარე ლაურა ხარიტონაშვილი.