,,თქვენგან გავიგე, რომ არჩევნები უნდა იყოს“
იორმუღანლოელების თქმით, სოფელში ყველაზე დიდი პრობლემა სასმელი წყლის არარსებობაა. 25 წლის ალხან გულიევი ამბობს, რომ მისი მეუღლე სოფლის თავში მიდის და დასალევად ვარგისი წყალი ხელით მოაქვს. მისი თქმით, ახალმა დეპუტატმა პირველად სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე უნდა დაიწყოს ზრუნვა. ,,დეპუტატმა პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. აქაურების ნაწილს აქვს წყალი, მაგრამ სოფლის თავში არ გვაქვს. სასმელად ვარგისი წყალი ორ კილომეტრშია ჩვენი სახლიდან და ჩვენი ქალები ფეხით მიდიან. ერთნაირად ხან 20 ლიტრის მოტანა უწევთ. აბა ეს რაში უნდა გვეყოს? სოფლის დეპუტატი, რომელიც ახლა მოვა, უნდა იყოს ყურადღებიანი და მოაგვაროს ჩვენი პრობლემები’’,- განაცხადა `კახეთის ხმასთან საუბარში ალხან გულიევმა.
სოფლის მცხოვრებლები საძოვრების არარსებობაზეც საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივების უმრავლესობა თავს მესაქონლეობით ირჩენს და საძოვრების უქონლობა მათ დიდ პრობლემას უქმნით. ,,საძოვრები არ გვაქვს საქონელი რომ გავიყვანოთ და ვაძოვოთ. გვქონდა ადრე და გაიყიდა. ნაწილი მოხნულია და 5 ათაზე მეტი ჰექტარი კი გასხვისდა. შემოღობილია ის ტერიტორია და არ უშვებენ არავის. სად წავიყვანოთ საქონელი, რა ვქნათ? თქვენგან გავიგე, რომ არჩევნები უნდა იყოს, არ ვიცი ვინ არიან კანდიდატები და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ვთხოვთ ამ პრობლემების მოგვარებას’’, ამბობს ალასკარ მირზაევი.
იორმუღანლოელი ალასკაროვ ბაირამოვა ამბობს, რომ გარდა სხვა საკითხებისა, სოფელში უმუშევრობის პრობლემაც აქვთ. მისი თქმით, ადგილობრივების დიდი ნაწილის ერთადერთი შემოსავალი მესაქონლეობაა.
ბაირამოვას თქმითვე, დეპუტატმა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტს მალე ეყოლება, მოსახლეობის დასაქმებაზე უნდა იზრუნოს. იგი განმარტავს, რომ შესაძლებელია სოფელში პატარა ქარხანა აშენდეს, სადაც რძის ნაწარმის გადამუშავება მოხდება. ,,ძალიან კარგი იქნება რძის გადამამუშავებელი მცირე ქარხანა აშენდეს, სადაც ჩვენ სოფლის მოსახლეობა ვიმუშავებთ. აქ დიდი ნაწილი მესაქონლეობით ირჩენს თავს და ამით ჩვენი შემოსავალიც გაიზრდებოდა.‘’
საგარეჯოს შუალედურ არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მცირე დრო რჩებათ ადგილობრივებს გადაწყვიტონ, ვინ უნდა აირჩიონ. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, არჩევნები 31 აგვისტოს ჩატარდება.
ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში 46 011 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის თქმით, დეპუტატი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, უნდა დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონის ფარგლებში იმოქმედოს. მისივე თქმით, პარლამენტის წევრს აქვს უფლება დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს და რეაგირება მოახდინოს მათ საჩივრებზე, მოთხოვნებსა და განცხადებებზე;
,,გარდა სხვა უფლებებისა და მოვალეობებისა, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგენილი წესით: დასვას კონკრეტული საკითხი განსახილველად და გააცნოს პარლამენტს მოქალაქეთა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე წერილები და მიმართვები, მოითხოვოს პრობლემის მოგვარება და სხვა’’,- განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა.