სტატიები

გია გერგიძე: ჩემი ქალაქის სამსახურში მივდივარ

თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან”გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატურაზე კენჭს პროფესიით ექიმი, გია გერგიძე იყრის.
გურჯაანში, კულტურის ცენტრში ,,ქართული ოცნების’’ მიერ გამართულ შეხვედრაზე, გია გერგიძე კოალიციის ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუკრი ქანთარიამ წარადგინა. ქანთარიას თქმით, გერგიძე გამოცდილი კადრია, რომელიც გურჯაანელებს ძალიან უყვართ.
იმისთვის, რომ გურჯაანელმა ამომრჩეველმა უკეთ გაიცნოს გამგებლობის კანდიდატი, ,,კახეთის ხმამ”” გია გერგიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ინტერვიუს:

-ბატონო გია, ფაქტობრივად, თქვენ პოლიტიკაში ახალბედა ხართ. თავს როგორ გრძნობთ ახალ ამპლუაში?

-არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკაში. არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არც მე და არც ჩემი ოჯახი. უცბად დადგა ეს მომენტი, რომ გამიჩნდა სურვილი, ,,ქართულ ოცნებას“ დავუდგე გვერდში ჩემი ცოდნით, ენერგიით, წესრიგით, პატიოსნებით, მეგობრობით. მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამგებლები რეალურად აკეთებდნენ საქმეს თავიანთი ქალაქისათვის.

-გავაცნოთ თქვენი კანდიდატურა გურჯაანის ფართო საზოგადოებას. ვიცით, რომ გურჯაანელი ბრძანდებით, გვიამბეთ თქვენს სამუშაო გამოცდილებაზე, გაგვაცანით თქვენი ბიოგრაფია და რას გამოყოფდით თქვენი წარსულიდან?

-დავიბადე 1957 წელს ქალაქ გურჯაანში, დავამთავრე გურჯაანის #1 საშუალო სკოლა 1974 წელს. 1975 წელს ჩავირიცხე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1980 წელს. შემდეგ ვმუშაობდი მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1982-1983 წლებში ვიყავი მოსკოვში, ფარმაციის საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც რამდენიმე ნაშრომიც გამოვაქვეყნე ახალ პრეპარატთან დაკავშირებით. 1984 წლიდან პრაქტიკული სამეცნიერო დაწესებულებიდან გადავედი ქალაქ თბილისის სააფთიაქო სამ-მართველოში და ვიყავი თბილისის რამდენიმე აფთიაქის გამგე. 1991 წლიდან გურჯაანის ცენტრალური აფთიაქის მმართველი ვარ, პარალელურად კახეთის რეგიონის ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი სპეციალისტი ფარმაციის განხრით. 1995-2005 წლებში ვცხოვრობდი ამერიკაში და 2006 წლიდან მაქვს კერძო ბიზნესი.

-რამ განაპირობა ის, რომ არჩევანი პოლიტიკაზე გააკეთეთ?

-პოლიტიკაზე არ გამიკეთებია არჩევანი. მე არჩევანი გავაკეთე ჩემს რაიონზე, რომელიც მინდა, რომ იყოს წარმატებული, ყველა ცხოვრობდეს კარგად, გაჭირვებული არ იყოს, მინდა ყველას მაქსიმალურად დავეხმარო. სწორედ ამ მიზეზების გამო გადავწყვიტე, კენჭი მეყარა გამგებლად. არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში მოვდივარ, მე ჩემი ხალხის, ჩემი ქალაქის სამსახურში მოვდივარ.

-როგორ ფიქრობთ ასეთ კონკურენციაში რა არის თქვენი მთავარი პლუსი, რაც გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისაგან?

-სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით ჩემი მთავარი პლიუსი ის არის, რომ მე დიდი ხანია, გურჯაანში ვცხოვრობ. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვიცი ხალხის პრობლემები, მათთან აქტიურად ვთანამშრომლობ. ძალიან კარგად ვიცნობ მოსახლეობის პრობლემებს, აგრეთვე, მყავს ძალიან ბევრი მეგობარი რაიონში, რაც მე გამიადვილებს მუშაობას. სხვა პარტიებიდან არიან ისეთი კანდიდატები, რომლებსაც ხალხი საერთოდ არ იცნობს და, როცა უჩნდებათ თანამდებობაზე მოსვლის სურვილი, პირველ რიგში უნდა დაფიქრდნენ, იცნობს მათ ხალხი თუ არა. მიმაჩნია, რომ ხალხი უნდა გიცნობდეს, მათთან ერთად უნდა ცხოვრობდე, იცოდე ყველაფერი მათი პრობლემის შესახებ.

-როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა და რა ძირითად პრობლემებს გამოყოფდით გურჯაანში?

-პრობლემები გურჯაანში ძირითადად იგივეა, რაც მთელ საქართველოში. ეს არის ძირითადად ინფრასტრუქტურული, აგრეთვე, წყლის, გაზის, გზების პრობლემები. განსაზღვრული გვაქვს თითოეული პრობლემა სოფლებში და გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და რა თანამიმდევრობით უნდა გადაიჭრას. წლის ბოლომდე სასმელი წყლის პრობლემა მთლიანად მოგვარდება ქალაქში. ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტის სამ სოფელს კალაურს, ვაჩნაძიანსა და კახიფარს საერთოდ არ აქვს და ამ დღეებში უკვე დაიწყება გაზსადენი მილების დამოტაჟება. მაქსიმალურად შევეცდებით არსებული პრობლემების მოგვარებას, აგრეთვე, მთავრობიდან გვექნება მხარდაჭერა.
არ შემიძლია, რომ ჩავიკეტო კაბინეტში და იქიდან ვმართო პროცესები. მყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელთან ერთადაც გადავწყვეტ ყველა პრობლემას და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

-ის პრობლემები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ საკმაოდ აქტუალურია. როგორ აპირებთ მათ გადაჭრას?

-დიდი ხანია აქ ვცხოვრობ და კარგად ვხედავ ყველა არსებულ პრობლემებს, აგრეთვე, მეგობრებისა და მეზობლებისგანაც ვიგებ. ქალაქ გურჯაანის გარდა ბევრი მეგობარი მყავს სოფლებშიც და ვიცი სად რა არის გასაკეთებელი. პრობლემების დეტალურ კვლევას, არჩევნების შემდგომ პერიოდში შევუდგები, რადგან ამის შესაძლებლობა, წინასაარჩევნო პროცესებიდან გამომდინარე, არ არსებობს.

-ახლა უფრო ახლოს გავაცნოთ თქვენი პორტრეტი საზოგადოებას. მოგვიყევით თქვენო ოჯახური მდგომარეობის შესახებ?

-მყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევიან. მამა ადრე გარდამეცვალა, დედა მყავს ცოცხალი, რომელიც ადრე მუშაობდა ღვინის ქარხნების გაერთიანების ლაბორატორიის გამგედ, მას უფროსი თაობა კარგად იცნობს,.მყავს ძმა, რომელიც ექიმია და მუშაობს გურჯაანში.

-როგორ ატარებს თავისუფალ დროს გურჯაანის გამგებლობის კანდიდატი, რა გსურთ გააკეთოთ გურჯაანისთვის?

-მინდა, რომ გალამაზდეს კურორტი ,,ახტალა“. ასევე, აღდგეს კულტურისა და დასვენების პარკი, სადაც ჩემი ბავშვობის პერიოდში საბაგიროც მუშაობდა და დასვენებისათვის შესაფერისი გარემო იყო შექმნილი. ქალაქი არის ძალიან ჭუჭყიანი, მტვრიანი, სათანადოდ არ სუფთავდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრეს და ქალაქი გალამაზდეს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, რომელიც თითქმის არ მაქვს, ძირითადად მეგობრებთან ვატარებ.

-როგორ ფიქრობთ, რა აკლია გურჯაანს, რაში ხედავთ დეფიციტს, ინფრასტურქტურული და კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით, რისი გაკეთება შეიძლება ქალაქთან მიმართებით და თუ გაქვთ აუხდენელი ოცნება?

-ამჟამად კულტურის სახლი არ ფუნქციონირებს, გარდა იმ შემთხვევებისა თუ თბილისიდან რაიმე ღონისძიება დაიგეგმება და გაიმართება. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გურჯაანს აუცილებლად 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავიყვანთ წლის ბოლომდე, ვგეგმავთ კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციასაც. ვაპირებთ ელექტრომომარაგებაში არსებული პრობლემების მოგვარებასაც, მაგალითად, სუსტი ნიავის დროსაც კი, შუქი ქრება ხოლმე, რასაც ძალიან განვიცდი. მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიაა, ვიმედოვნებ, საერთო ენას გამოვნახავთ ამ პრობლემის გადასაჭრელად.

-რაში ხედავთ თქვენ გურჯაანის მთავარი სიმდიდრის წყაროს. როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა კერძო სექტორთან?

-თავადაც კერძო სექტორში ვმუშაობდი და ვიცი როგორ უნდა ვიურთიერთო მასტან. მაქსიმალურად შევუწყობ ხელს, არავითარი შეზღუდვები არ დაწესდება, მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით, რადგან ბიზნესსექტორი ქმნის სამუშაო ადგილებს. თუ კერძო სექტორი არ განვითარდა, სამუშაო ადგილებიც არ გვექნება. სახელმწიფო ორგანიზაციები ძალიან ცოტაა. დარჩა მხოლოდ საჯარო სამსახურები, რომელსაც არ შეუძლია დაიტიოს ბევრი თანამშრომელი, ამიტომ ეს სფერო მაქსიმალურად სწრაფად უნდა განვითარდეს, რომელიც უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი სწორი გზაა.

-რატომ უნდა მოგცენ გურჯაანელებმა ხმა?

-პირველ რიგში იმიტომ, რომ ვარ გურჯაანელი. მაქსიმალურად ვუდგავარ მათ გვერდში არა მხოლოდ დღეს, არამედ ადრეც. თითოეული გურჯაანელის გაჭირვება იყო ჩემი გაჭირვება. ბევრი ადამიანი ახლაც მხვდება და მეუბნება, რომ ხშირად დავხმარებივარ. მთელ გურჯაანს ვიცნობ და ყველა მენდობა. ტყუილს ვერასოდეს შევეგუები. პატიოსანი ადამიანი ვარ, მიყვარს კეთილი ადამიანები. არ მომწონს ადამიანებს შორის დაძაბული ურთიერთობები და ყოველთვის ვცდილობ, ეს არ დავუშვა. მე შევძელი ის, რომ ამდენ მონსტრ აფთიაქებს შორის, რომლებსაც სხვადასხვა დახვეწილი სერვისები აქვთ, მოვახერხე ჩემს აფთიაქში დაბალი ფასისა და სტაბილური კლიენტების შენარჩუნება. ამისათვის თვითონ ვმუშაობდი და ვიდექი დახლთან, რათა უფრო წარმატებული და მოსახერხებელი სერვისები შემექმნა. ვცდილობ, მაქსიმალურად ვედგე ხალხს გვერდით.

-მოდით, ვისაუბროთ გურჯაანის პლუსებსა და მინუსებზე.

-ქალაქს ძალიან ბევრი მინუსი აქვს. რაც შეეხება პლუსებს, ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ აქ ძალიან თბილი, კარგი ხალხი ცხოვრობს. რაც არ მომწონს ეს არის, მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს გაანათეს „პაპას ბაღი“ და გაალამაზეს, გაანათეს სხვადასხვა სახის ნათურებით. ორ კვირაზე ნაკლებ დროში არც ერთი ნათურა აღარ იყო, დაამტვრიეს, მოსპეს და ჩააბნელეს სკვერი, აი ეს არ მომწონს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენ ვაპირებთ სამართალდამცავების მორიგეობით პატრულირების შემოღებას და შეიძლება რაიმე სახის ადმინისტრაციული ჯარიმაც დავაწესოთ.

-საინტერესოა, ბატონო გია, როგორ მიიღებთ სამოქალაქო ინიციატივებს?

-რა თქმა უნდა, ოღონდ ინიციატივას გააჩნია. რაც მეტი წინადადება შემოვა, მით უკეთესი. შეიძლება ადამიანმა ბევრი რამ ვერ მოიფიქროს და, თუ ვიღაც მეტყვის, რომ ეს ასე კი არა სხვანაირად უნდა გაკეთდეს, მაგას რა სჯობია. პირიქით, გამიხარდება კიდეც და ჩემთვის მუშაობაც იოლი გახდება.

-საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს კანდიდატის გუნდი, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ გვერდში დაიყენებთ?

– გვერდში დავიყენებ აუცილებლად ვანო ბერიძიშვილს, რომელიც არის ,,ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე, თუმცა თანამდებობა წინასწარ განსაზღვრული არ მაქვს. დანარჩენებზე შემდგომ დავფიქრდები.

-უკვე დასახელდნენ გამგებლობის სხვა კანდიდატები, ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად?
-არც ერთ კანდიდატს არ მივიჩნევ კონკურენტად. მათ არ აქვთ ის პლუსები, რაც მე. არც მათ საარჩევნო პროგრამას არ ვიცნობ, არც კანდიდატებს და სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს. ნაციონალები ყველამ ვიცით, ვინც იყვნენ და დიდი სხვაობა ბურჯანაძის პარტიასა და მათ შორის არ არის.

-თუ ისე განვითარდა მოვლენები, რომ თქვენ არჩევნებში დამარცხდით, ამ შემთხვევაში შესთავაზებთ თუ არა გამგებელს თქვენს ინიციატივებს?
-გამორიცხულია ჩემი დამარცხება.

-გაქვთ თუ არა ოჯახური ბიზნესი და რა მანქანა გყავთ?

-კი, მაქვს მხოლოდ ერთი აფთიაქი და მყავს 1998 წელს გამოშვებული ავტომანქანა „BMW“