რუსეთში ქართული ჭაჭის ექსპორტი ვერ ხერხდება
ქართული ჭაჭის რუსეთში გატანა შეფერხდა. ინფორმაციას ,,კომერსანტი” ავრცელებს. რუსეთში ერთ–ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია ,,ა ეს ტე’’ ქართული ჭაჭის გატანას თვეებია გეგმავს. კომპანია ,,გომის’’ წარმომადგენლის განცხადებით, ქართული ჭაჭის ახალი ეტიკეტი რუსეთში დამზადდა, თუმცა მათთვის გაურკვეველი მიზეზით პროდუქციის გატანას ამ დრომდე ელოდებიან.
ზაზა თაბაგარის განცხადებით, რუსმა პარტნიორებმა არაპუნქტუალობა გამოიჩინეს, რადგან ერთი თვის განმავლობაში ორი კონტეინერი ჭაჭის გატანას გეგმავდნენ, თუმცა ამ დრომდე არ გამოჩენილან. საუბარია 30–35 ათასი ბოთლი ჭაჭის რუსეთში გატანაზე, რომელსაც ,,ა ეს ტე’’ პირველ ეტაპზე მაღალ საფასო სეგმენტში განთავსებას, შემდგომ კი დაბალფასიან სეგმენტში ჩაშვებას გეგმავს. თაბაგარის თქმით, ,,გომი’’ ექსპორტს ამ ეტაპზე მხოლოდ თურქეთში ახორციელებს. კომპანია ხორბლის არყის 7 ხაზს, 2 დასახელების ჭაჭას და 2 სახეობის ლიქიორს უშვებს.