სტატიები

შეზღუდავს თუ არა სავალდებულო ტექდათვალიერება მეორადი საბურავებისა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გამოყენებას?

აიკრძალება ან შეიძღუდება თუ არა მეორადი საბურავების  გამოყენება სავალდებულო ტექდათვალიერების შედეგად თუ ძირითადი აქცენტი გამნაბოლქვის შემცირებაზე გაკეთდება? შესაძლოა თუ არა, პრობლემები შეექმნას მარჯვენასაჭიანი ან საჭეგადატანილი ავტომობილების მფლობელებს? ეს შეკითხვები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აქტუალურია და პერიოდულად ამ თემების ირგვლივ სხვადასხვა ხმები ვრცელდება.  

 

 აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას „კომერსანტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეეცადა. მათი განცხადებით, ჯერ სავალდებულო ტექდათვალიერების პირობები დადგენილი არ არის და წინასწარ რაიმეს განსაზღვრა რთულია, ვინაიდან ტექდათვალიერების პირობებზე მუშაობა სწორედ ახლა მიმდინარეობს.

 

,,ჯერ  გადაწყვეტილი არაფერია, ამიტომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეორადი საბურავების გამოყენება აიკრძალება, სინამდვილეს არ შეესაბამება,“ – აცხადებენ სააგენტოში.  

 

შეგახსენებთ: სავალდებულო ტექდათვალიერება 2015 წლის მარტიდან ამოქმედდება. შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის ოთარ დანელიას  განმარტებით, ტექდათვალიერებისას ავტომობილი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტში არსებულ ტექნიკურ მონაცემებს. მაგალითისთვის, თუ ავტომანქანა არის ,,ევრო-1″-ის სტანდარტის, მან აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს ეს სტანდარტი. რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ან საჭეგადატანილ ავტომობილებს, დანელიას თქმით, დაელოდებიან ექსპერტთა დასკვნას და კონკრეტული გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული.

 

“ტექდათვალიერება დაიწყება 2015 წლის მარტიდან, თუმცა ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. ძალიან ბევრი ნიუანსი და დეტალია გასარკვევი. საჭიროა ექსპერტების დასკვნა, მათი რეკომენდაციები, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და არსებულ მდგომარეობასთან ამ ყველაფრის შესაბამისობაში მოყვანა, რაც ასევე პასუხობს დადგენილ ევროდირექტივებსა და ევროსტანდარტებს. ვფიქრობთ, დავიწყებთ კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ფორმატს TUV Rheinlend Group-თან, კონკრეტულად რამდენი შემოწმების ცენტრი ექნება არსებულ ავტომობილებს,” – განაცხადა დანელიამ.

 

მისი თქმით, დღეისათვის ფუნქციონირებს მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირების 44-მდე წერტილი, თუმცა, სავარაუდოდ, ეს რაოდენობა გაიზრდება. ტექდათვალიერების ღირებულება დღეისთვის, კატეგორიების მიხედვით 48 ლარიდან 102 ლარამდეა. უკვე ცნობილია, რომ მსუბუქი ავტომობილებისთვის 48-ლარიანი ტარიფი არ შეიცვლება.