თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამჭვირვალობის ხარისხი დაბალია
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამჭვირვალობის დაბალ ხარისხზე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი საუბრობს.
თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ექსპერტ-იურისტ კახა ჯამბურიას განცხადებით, გამჭვირვალობის კრიტერიუმების შეფასება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების ინტერვიუებიდან და საჭირო დოკუმენტაციის გადამოწმების საფუძველზე გაკეთდა. ორგანიზაციის სტრატეგია ადგილობრივი ბიუჯეტების გამჭვირვალობის კუთხით რეკომენდაციების მიწვდა, ახალი კრიტერიუმების შეთავაზება, მისი განხორციელება და მათი შესრულების პერმანენტული მონიტორინგია. ორგანიზაციამ პროექტის ფარგლებში, კახეთის 3 მუნიციპალიტეტში შეაფასა გამჭვირვალობის კრიტერიუმები. კახა ჯამბურიას თქმით, შეფასების მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტია ბოლო ადგილზე, რომელმაც მხოლოდ 5 ქულა დაიმსახურა, სიღნაღმა 7, ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა კი 9 ქულა მიიღო. ქულების მიხედვით, 26-32 არის უმაღლესი, 13-25 საშუალო და 0-12 დაბალი:
-`მუნიციპალიტეტებს ვაწვდით რეკომენდაციებს და ვაანალიზებთ პროცესებს. გამჭვირვალობის კუთხით ახალი კრიტერიუმები გვაქვს შემუშავებული. ესაა 16 საკითხი, რის მიხედვითაც ფასდება მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობა. რაც შეეხება თელავს, ყველაზე დაბალი ქულა აქვს, რაც გამოწვეულია რიგი საკითხებით~,-ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, არ არის შექმნილი საკრებულოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს-საზოგადოებრივი დარბაზი, სათათბირო, ასევე პრობლემაა საკრებულოს შეხვედრები მოსახლეობასთან, რომელიც იშვიათად მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება:
-`როდესაც საკრებულო რაიმე სერიოზული საკითხის განხილვას გეგმავს, უნდა იმსჯელოს კომისიამ, რაც მიეწოდება საკონსულტაციო საბჭოს მსჯელობისთვის. შემდეგ პროექტზე თავის რეკომენდაციას მიაწვდის საკრებულოს, თუმცა მას აქვს უფლება, არ გაითვალისწინოს ის. ესაა საზოგადოების აზრი საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა წარმომადგენლისაგან. თელავს მივაწოდეთ რეკომენდაციები და იმედია, გათვალისწინებული იქნება~.
ექსპერტი კახა ჯამბურია საუბრობს მოწყობილი საჯარო განხილვების ხარისხზეც, რომელიც ეწყობა გამონაკლისის სახით, ასევე საუბრობს მოქალაქეთა წინასწარ ინფორმირებასა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომების შესახებ:
-`საკრებულოს კანონი ავალდებულებს, რომ მოახდინოს მოქალაქეთა წინასწარი ინფორმირება სხდომაზე, თუ რა საკითხების საჯარო განხილვას აპირებს. თელავის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი მინუსი გვაქვს. ზოგ შემთხვევაში ინფორმაციას წინა დღეს აკრავენ, ხან იმავე დღეს. დებულების მიხედვით, თელავმა უნდა მოახდინოს მოქალაქეთა ინფორმირება გაზეთისა და ვებგვერდის მეშვეობით. მივაწოდეთ რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, დაიწყეს მუშაობა, თუმცა ძალიან რთულია ჯერ შექმნა, შემდეგ ყოველდღიურად განახლება. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომებს, საკითხი გამოდის, რომელიც სასწარაფოდაა მისაღები. თელავის მაგალითზე დავინახავთ, რომ ასეთი სხდომა საკმაოდ ბევრია და თვეში ერთხელ ტარდება. თელავმა რიგგარეშე სხდომა ჩაატარა მაშინ, როდესაც ბიუჯეტის შესრულებაზე საჯარო შეხვედრის ნაცვლად, საჯარო განხილვაც კი არ ჩაატარა~.
ექსპერტი განმარტავს, რომ ეს სხდომები განსხვავდება ვადებით, მორიგ სხდომაზე კანონი საკრებულოს ავალდებულებს ინფორმაცია გამოაქვეყონოს 1 კვირით ადრე, რიგგარეშე 3 დღით ადრე. მისივე თქმით, როდესაც 1 კვირაა ვადა, გაანალიზების საშუალებაც გეძლევა, რა ინიციატივები შეიძლება მიიტანო საკრებულომდე:
-`1 კვირა რომ გაქვს ვადა, მომზადებული მიხვალ, რიგგარეშე სხდომაზე კი მცირე პერიოდი გაქვს. ის შეხვედრა კანონდარღვევით გააკეთა თელავმა, რაზედაც რეკომენდაციებს მოვაწვდით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რამდენად აქტიურია მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად პირები, ვინც ასრულებენ ამ სამუშაოს. რიგგარეშე სხდომებზე სხვა მუნიციპალიტეტებსაც თელავის მსგავსად გამოაქვთ ხშირად საკითხები, რომელიც არ სურთ გაახმაურონ და თან მოკლე დროში მიიღონ~.
ექსპერტისვე განმარტებით, კოდექსის მიხედვით, თითოეული ბრძანება მუნიციპალიტეტებმა ადმინისტრაციული წარმოებით უნდა მიიღონ:
-`მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა უნდა გამოაქვეყნოს ცნობა, რომ ამა და ამ საქმეზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება, გამოქვეყნოს იმ საშუალებებით, რაც დებულებით აქვს განსაზღვრული. 20 დღის შემდეგ შეუძლია საქმის განხილვა დაიწყოს. ეს 20 დღე მოსახლეობას აქვს საშუალება, მიაწოდოს რეკომენდაციები და ეს მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინოს. უმეტეს ბრძანებებში ეს დარღვეულია. რასაც ჩვენ მივაღწიეთ ერთადერთი ისაა, რომ ბიუჯეტის განხილვა ჩავატარებინეთ ადმინისტრაციული წარმოებით~.
ექსპერტისვე თქმით, საჯარო განხილვების მოწყობის თაობაზე თელავს რეკომენდაციებს ვაწვდით და აქტიურად მუშაობენ:
-`ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტთან ვმუშაობთ დასუფთავების საკითხზე. მივაწოდეთ რეკომენდაციები, რომ დასუფთავების საკითზე ჩაატარონ საჯარო განხილვა, მაგალითად თელავის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა უნდა შემოიღოს თუ არა გადასახადი და რა ფორმით, როგორ და რა რამდენჯერ უნდა დაასუფთავონ ქუჩები, აიღონ ნაგავი და სხვა. ეს უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, საკმაოდ საინტერესო საკითხია და მსგავს საჯარო განხილვაში მოსახლეობა თავის აზრს გამოთქვამს. ამ მხრივ, ჩვენი რეკომენდაციების 90% გათვალისწინებულია და ველოდებით საჯარო განხილვის შედეგებს. თელავის მუნიციპალიტეტი ითვალისწინებს რეკომენდაციებს და იმედი გვქავს, რომ გაიზრდება მოსახლეობის მონაწილეობა საბიუჯეტო ფორმირების საკითხში~.
ექსპერტისვე თქმით, საბიუჯეტო პროცესში დარღვევების აღმოფხვრის რეკომენდაციის 70% აქვთ გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებს და გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულების მხრივ გაცილებით კარგი მდგომარეობაა:
-`აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან და სათემო ცენტრების 76-ზე მეტი ინიციატივა თანადაფინანსებულია მათ მიერ. ესეც კიდევ ერთი კარგი პრეცენდენტია. საბოლოოდ გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ როდესაც მოქალაქეები მიდიან და სურთ, რომ რაღაც პრობლემა მოუგვარდეთ, ითანამშრომლონ მათთან. საგრძნობლადაა გაზრდილი საბიუჯეტო პროცესებში ფორმირება, დამტკიცება და მოქალაქეთა მონაწილეობა~.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ორგანიზაციის პროგრამის ახალი 2011-2013 წლების სტრატეგიაში განსაკუთრებული აქცენტი სამიზნე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების მონიტორინგის პროცესში სოციალურ სფეროზე გაკეთდება, რამდენად არის ასახული სოციალურად დაუცველი ფენების საჭიროებები ადგილობრივ ბიუჯეტში, რამდენად ეფექტურია სოციალური პროგრამები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის კუთხით შემუშავდება ახალი კრიტერიუმები და განხორციელდება მათი შესრულების პერმანენტული მონიტორინგი.