1. სახელმწიფომ შესაძლოა წამლების ფასების ზედა ზღვარი დააწესოს
,,სახელმწიფომ შესაძლოა წამლების ფასების ზედა ზღვარი დააწესოს”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა. კვარაცხელიას თქმით, დღეისთვის გაძვირებულია ის მედიკამენტები, რომელიც დოლარის ზონიდან შემოდის. “იმ წამლებზე მოიმატა ფასმა, რომელიც დოლარის ზონიდან შემოდის, მათ შორის რუსულ და ბელორუსულ წარმოების წამლებზე, თუმცა ასეთი მედიკამენტები პროცენტულად ბევრი არ შემოდის. ჩვენ ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მონიტორინგს. თუ დავინახეთ, რომ პრეპარატზე ფასი კატასტროფულად გაიზარდა, მაშინ ჩავერევით. თუ კატასტროფულად გაიზრდება წამლებზე ფასი და ხელმისაწვდომობა შემცირდა, ჩვენ ჩარევის საშუალება გვექნება. ჯერჯერობით ეს მდგომარეობა არ გვაქვს. თუ ვნახეთ, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, ამ შემთხვევაში გარკვეულ ზომებს მივიღებთ, იმისთვის, რომ შევაჩეროთ ზრდა, თუმცა ბევრი რამე არის დამოკიდებული დოლარის კურსზე”, – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.