NDI-ის კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად წამლების საფასური სახელდება
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად წამლების საფასური სახელდება.
როგორც კვლევის შედეგებშია აღნიშნული, ჯანდაცვა ერთ-ერთი ეროვნული დონის გამოწვევაა და გამოკითხულები ამ კატეგორიაში ყველაზე დიდ პრობლემებად წამლების საფასურსა (46 პროცენტი) და კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს (41 პროცენტი) ასახელებენ.
კერძოდ, კვლევის თანახმად, პრობლემებს შორის სახელდება საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კოონავირუსთან მიმართებაში (16 პროცენტი); ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა (14 პროცენტი); საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა (13 პროცენტი); სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასური ( 13 პროცენტი); ექიმების ხელმისაწვდომობა კორონავირუსთან დაკავშირებით ( 12 პროცენტი);
9 პროცენტი კი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემა არაა. რაც შეეხება პანდემიას, მოქალაქეების უმრავლესობა (60 პროცენტი) ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება. თუმცა, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).