ახალი ამბები

„საგაზაფხულო ყინვებმა დაღი დაამჩნია მეხილეობას” – სპეციალისტი

„საგაზაფხულო ყინვებმა დაღი დაამჩნია მეხილეობას – ბლისა და მსხლის მოსავალი, ფაქტობრივად, განადგურდა“„საგაზაფხულო ყინვებმა დაღი დაამჩნია მეხილეობას – ბლისა და მსხლის მოსავალი, ფაქტობრივად, განადგურდა“
„საშუალო დონის საექსპორტო წელი იყო“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა და მიმდინარე წელი შეაფასა.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის კუთხით უკეთესი შედეგები შეიძლებოდა, მაგრამ საგაზაფხულო ყინვებმა მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

„რომ გითხრათ რომ სახარბიელო წელი იყო, ასე ნამდვილად არ არის. თავის დროზე საგაზაფხულო ყინვებმა ძალიან დიდი დაღი დაამჩნია მეხილეობას. ფაქტობრივად, ბლისა და მსხლის მოსავალი მთლიანად განადგურდა. გარდა ამისა, ყინვებმა მთელი რიგ მიმართულებებზე პრობლემები შექმნა როგორც მოსავლის რაოდენობის, ისე ხარისხის კუთხით. მოცვის შემთხვევაში იყო შედარებით კარგი წელიწადი, ატამსაც არა უშავდა, ვაშლი არ იყო მაინც და მაინც კარგი ხარისხის, მანდარინზე კიდევ სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ 20 ათასი ტონაა ექსპორტირებულიო და ეს ციფრიც გადიდებული მეჩვენება. მანდარინის ექსპორტის ტემპი არ არის ისეთი მასშტაბის, როგორსაც ჩვენ წინა წლებში ვახორციელებდი. ასეთი ციფრები საიდან მოაქვთ არ ვიცი. საერთო ჯამში მიმდინარე წელი შესაძლოა, შეფასდეს საშუალო დონის საექსპორტო წლად. უკეთესი შედეგებიც შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ყოველ წელს უნდა უმჯობესდებოდეს შედეგები, მაგრამ ახლა გაუმჯობესებული ნამდვილად არ არის“, – აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ამასთანავე, მანვე აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც სექტორი დამოკიდებულია ამინდებზე. ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის დარგი გახდეს მომგებიანია, საჭიროა ინვესტიციების განხორციელება, ტექნოლოგიების დანერგვა და პროექტების კარგი მენეჯმენტი.

„ამინდების გარდა მომავალ წელს, ჩემი აზრით, არაფერი შეიცვლება, ძალიან ხშირ შემთხვევაში ამინდებზე ვართ დამოკიდებული. ბოლო 2-3 წელიწადი ამინდები არ გვაძლევს იმის საფუძველს და მოლოდინს, რომ დავუშვათ, რომ რამე შეიცვლება. იმიტომ რომ, რამე რომ შეიცვალოს ამას სჭირდება წინასწარ კარგი პროექტების და კარგი მენეჯმენტის ჩაშვება, რათა კონკრეტული დარგების მიმართულებით მოხდეს ფოკუსირება, დარგების ამოწევა, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების ჩართვა. ასეთ რამეს ჯერ ვერ ვხედავთ.

ეს ყველაფერი უნდა იქნას მოზიდული და ქვეყანაში სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ისეთივე მომგებიანი სფერო, როგორც არის მცირე მიწიან ისრაელსა და ნიდერლანდებში, სადაც სოფლის მეურნეობაში მუშაობს მეცნიერები და სპეციალისტები, რომლებიც ამ სფეროში კვალიფიციურები არიან და მათ ხელს უწყობს სახელმწიფოც, შესაბამისად, კარგ მოგებასაც ნახულობენ. ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება, ამ ფონზე საფუძველს მოკლებულია ვიფიქროთ, რომ მომავალი წელი იქნება უკეთესი“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.