ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობა მცირდება – პარლამენტში დემოგრაფიული საკითხის შესწავლას იწყებენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მუშაობის ფარგლებში, ქვეყანაში დემოგრაფიული საკითხის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დემოგრაფიის პოლიტიკა გამოწვევაა და მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დემოგრაფიის საკითხია, თუმცა ბოლო წლებში, კოვიდ პანდემიის შემდეგ ქვეყანაში უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსია. ამიტომ გადავწყვიტეთ, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომელიც ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ეს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას წარედგინება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო ჯგუფში პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების, იუსტიციის სამინისტროების, საპატრიარქოს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები გაერთიანდებიან.

ამასთან, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში დროებითი წევრების სტატუსით მონაწილეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თბილისისა და ბათუმის მერიები და დარგის ექსპერტები მიიღებენ.