საქართველოში მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის
მთავრობა ხმარებიდან ამოღებული ავტომობილების ნარჩენების მართვის ფონდის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ გადაცემაში „საქმე“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა.
ნონიაძის თქმით, ფონდში გაწევრიანება ყველა ავტოიმპორტიორისთვის სავალდებულო იქნება. მისივე განცხადებით, იმპორტიორები გადაიხდიან გაწევრიანების ერთჯერად საფასურს, აკუმულირებული თანხა კი შემდეგში ავტომობილების დაშლას მოხმარდება.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობს. იქმნება ე.წ. მგვ ორგანიზაციები. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ასე ქვია და ეს იქნება ა(ა)იპ-ები. როგორც მოხდა ზეთებთან, აკუმულატორებთან, მეორად საბურავებთან დაკავშირებით, იგივე იქნება ახლაც. ამას მარტივად რომ ვუწოდოთ, იქნება ფონდი და ყველა ავტოიმპორტიორი ვალდებული იქნება, გაწევრიანდეს. ვალდებულებას ექნება ყველას, ვინც პირველად განთავსებას იმპორტით ახორციელებს ქვეყნის შიგნით. პრაქტიკულად, ეს ვალდებულება ჩნდება იმ მომენტიდან, როდესაც ავტომობილის რეგისტრაცია მოხდება. საუბარია იმ პირებზე, ვინც 10-ზე მეტი მანქანა შემოიყვანა.
1 ავტომობილზე გადასახადი იქნება მაქსიმუმ 255 ლარი. ეს პრაქტიკულად, არის ნარჩენების გადასახადი. ეს ფონდი აგროვებს ამ თანხას და შემდგომ, როდესაც მანქანა დასაშლელი იქნება, შესაძლებლობა გეძლევათ მიხვიდეთ და ეს მანქანა დაგიშალონ. მაქსიმუმ იქნება 10 ა(ა)იპ, რადგან რეგლამენტში წერია, რომ მინიმუმ 10% მაინც უნდა ეკავოს ბაზრის წილი. თუ ავიღებთ ამ მონაცემს, გამოდის, რომ 10 ასეთი ორგანიზაცია მაინც იქნება, შეიძლება უფრო ნაკლებიც.
უკვე აქვთ კერძო კომპანიებს თავიანთი ე.წ. მგვ-ები. ხდება ზეთების, აკუმულატორების, მეორადი საბურავების მოგროვება. ახლა უკვე გადავიდნენ უშუალოდ ავტომობილებზე. აქ ცოტა გვაკვირვებს ბიზნესის დამოკიდებულება. კონკრეტულ სეგმენტზე იმოქმედებს პირდაპირ, მაგალითად, როგორიც არის დაშლილები. ვიღაცაზე იმოქმედებს ირიბად, მაგალითად, ლოჯისტიკურ კომპანიებზე, დილერებზე და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, დიდი ალბათობით, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, გაძვირდება მეორადი ავტომობილების ნაწილები. შესაბამისად, ავტოიმპორტიორებს გაუძვირდებათ ის სერვისი, რასაც ჩამოყვანის შემთხვევაში გადიოდა ავტომობილი. ეს პარალელურად გააძვირებს ავტომობილსაც.
გასაგები რომ იყოს, საუბარია, რეექსპორტზე შემოყვანილ მანქანებზე, რომლებიც გათვალისწინებულია უცხოური ბაზრებისთვის. შემოგვყავს და მერე ვყიდით. ასევე, ადგილობრივი მოხმარების მანქანებზე, რომელიც იშლება სასიცოცხლო ციკლს ამოწურვის შემდეგ. არის იმპორტით შემოყვანილი მანქანები, რომელიც უშუალოდ გამიჯნულია და განკუთვნილია სწორედ დაშლისთვის. ამ ეტაპზე ე.წ. ცხვირებს არ ეხება ეს რეგლამენტი, მაგრამ ვფიქრობ, ახლო მომავალში მაგაზეც დაფიქრდება სამინისტრო“, – აცხადებს ნონიაძე.
შეგახსენებთ, „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხმარებიდან ამოღებული ავტომობილების რეგლამენტზე მუშაობს. როგორც სამინისტროში განაცხადეს, რეგლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან უნდა შევიდეს ძალაში. ოფიციალურად ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა ცვლილებები შევა ძალაში. უწყებაში ამბობენ, რომ რეგლამენტის საბოლოო ვარიანტი ჯერ შემუშავებული არ არის.

