შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენის პროცესი დაიწყო
შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენის პროცესი დაიწყო.
იმ პირთა ნაწილს, რომლებსაც მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე აესახათ, რომ მოწმობის სტატუსი გააქტიურებულია.
აღდგენილია თუ არა მართვის მოწმობა, აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (publicdecisions.police.ge) აისახება. პროცესის დასრულება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს.
ცნობისთვის, პირი, რომელზეც აღნიშნული სამართლებრივი შეღავათი გავრცელდა, ვალდებულია, ვებგვერდზე გადაამოწმოს ინფორმაცია მართვის უფლების აღდგენის თაობაზე.
გადამოწმებისთვის ორი ალტერნატიული მეთოდით მოქმედებს:
პირადი ნომრის და პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომრის მითითებით;
პირადი ნომრის და საჯარიმო ქვითრის/ოქმის/დადგენილების ნომრის მითითებით.
ამასთან, პირი ვალდებულია, მხოლოდ მას შემდეგ მართოს სატრანსპორტო საშუალება, რაც დარწმუნდება, რომ საქართველოს შინაგან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე აისახა მისი მართვის მოწმობის გააქტიურებული სტატუსი.
როგორც უკვე ცნობილია, 30 000-ზე მეტ ადამიანს, ავტომობილის ჩამორთმეული მართვის უფლება ერთჯერადად აღუდგება. პარლამენტმა მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა და ერთხმად დაამტკიცა.
შედეგად, კანონპროექტის სამართლებრივი შეღავათი გავრცელდება მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის.

