ჯილდა დათუაშვილი- მომღერალი ველისციხიდან, რომელიც გასული საუკუნის ვარსკვლავი იყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონას, ჯილდა დათუაშვილის შესახებ ყველამ იცის.
მას გამორჩეული სილამაზე, ხმის განსაკუთრებული ტემბრი და სიმღერის თავისებური შესრულების მანერა ჰქონდა, რამაც ის 1960-იანი წლების ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. ჯილდასთვის სიმღერებს წერდნენ ცნობილი კომპოზიტორები.
ველისციხეში მცხოვრები თამარ მახარაშვილი, ცნობილი ველისციხელების ისტორიებს იკვლევს და მას ახალგაზრდა თაობებს აცნობს. მისი თქმით, სოფელში ბევრი ხელოვანები, ოსტატები, მხატვრები და სხვა ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთა შესახებაც დღეს ცოტა ახალგაზრდამ იცის.
,,60-იან წლებში, კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით საქართველოში დიდი გარდატეხა მოხდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდნენ ასპარეზზე ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი და სხვა ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც ქართველ მსმენელს არასდროს დაავიწყდება. მათ რიცხვს განეკუთვნებოდა ახალგაზრდა მომღერალი სოფელ ველისციხიდან ჯილდა დათუაშვილი. ის გამოჩენისთანავე გახდა საზოგადოების გულთამპყრობელი, მას სიმღერებს უწერდნენ ცნობილი კომპოზიტორები, მის სილამაზეზე დადიოდა ლეგენდები”,- აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას თამარ მახარაშვილი.
ჯილდა დათუაშვილი 1946 წელს დაიბადა. ის ბავშვობიდან მღეროდა, ნიჭიერთა შვიდწლედიც დაამთავრა და პატარა ასაკში, ნორჩი მომღერლების კონკურსშიც გაიმარჯვა. ის დიდ სცენაზე ჯემალ ბაღაშვილმა გაიყვანა.
,,1965-66 წლებიდან, ახალგაზრდას სახელი ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. მისი საკონცერტო ტურნე საქართველოს გარდა ძირითადად შემოფარგლული იყო მოსკოვითა და ლენინგრადით. 1968 წელს კი მას საფრანგეთში ზამთრის ოლიმპიადაზე, ქართველ სპორტსმენებთან ჰქონდა გამოსვლა.
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ნიჭი ჰქონდა და თბილისის მუსიკალური სკოლა დაამთავრა, ველისციხელმა გოგონამ ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიურ ფაკულტეტზე სწავლა გადაწყვიტა. ნიჭმა არ მოასვენა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში მიიყვანა, სადაც სოლისტიც გახდა და ათასობით ერთგული მსმენელიც გაიჩინა”,- აცხადებს თამარ მახარაშვილი.
მისი თქმით, ჯილდასთვის სიმღერებს წერდნენ ცნობილი კომპოზიტორები. მისი სავიზიტო ბარათი გახდა სიმღერა “ჩუმად მითხარი”, რომელიც კომპოზიტორმა ნოდარ გიგაურმა სპეციალურად მისთვის დაწერა. თამარი ამბობს, რომ მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ძალიან ახალგაზრდა, 24 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა.
,,კომპოზიტორი ნოდარ გიგაური მას საოცრებას უწოდებდა და მისი უშუალობითა და სიყვარულით სავსე პიროვნებით იყო მოხიბლული. ჯილდა მხატვრების მუზაც გახდა. მისი პორტრეტი კორნელი სანაძემ და მანანა ბობოხიძემ დახატეს. უკანასკნელი კონცერტი თბილისში 1970 წელს გამართა, 1971 წლის 1 მაისს კი გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე”.
ჯილდა დათუაშვილის რეპერტუარიდან შემორჩენილი ერთადერთი ვიდეო: