ბაზრებსა და ბაზრობებზე ოქტომბერში 384.5 მილონი ლარის სამომხმარებლო საქონელი გაიყიდა – საქსტატი
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკურმა სუბიექტებმა 384.5 მილიონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონლის (ავტომობილების გარდა) რეალიზაცია განახორციელეს.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„საქსტატის“ მონაცემებით, რეალიზებული საქონლის ღირებულების 25.9% ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, 23.3% – ავეჯზე და საოჯახო ნივთებზე, 21% – სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, 11.6% – პირადი ჰიგიენის და სხვა პირადი ნივთების ჯგუფზე, 8.2% – სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებზე, 6.4% – საცხოვრებლის მოვლა-შეკეთების და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ სასაქონლო ჯგუფზე, დანარჩენი კი დასვენების სხვა პროდუქტებზე (2.3%), ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე (0.6%), საკომუნიკაციო მოწყობილობებზე (0.5%), მედიკამენტებზე და სამედიცინო პროდუქციაზე (0.2%) განაწილდა.
ამასთან, 733.8 მილიონი ლარის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.
„საქსტატის“ ცნობითვე, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. აქედან, 35.1% ქალაქ თბილისში იყო განთავსებული, 16.5% – იმერეთში, 12.4% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11.3% – კახეთის რეგიონში, დანარჩენი 24.7% კი – სხვა რეგიონებში.
„მოცემულ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე, საშუალოდ ვაჭრობდა (ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების გარდა) 35 ათასი კაცი. ამ მოვაჭრეთა 41.8% ვაჭრობდა ქალაქ თბილისში, 15.7% – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, 9.5 პროცენტი – კახეთში, 8.7% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7.0% – შიდა ქართლში, 6.7% – აჭარის ა.რ.-ში, 6.2% – ქვემო ქართლში, 2.4% – მცხეთა-მთიანეთში, 1.1% – სამცხე-ჯავახეთში, ხოლო 0.9% – გურიის რეგიონში.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობის 61.6% ქალაქ თბილისზე მოდიოდა, 15.5% – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 6.7% – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, 4% – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3.9% – ქვემო ქართლის, 3.7% – შიდა ქართლის, 2.1% – კახეთის, 1.8% – სამცხე-ჯავახეთის, 0.4% – გურიის, 0.3% კი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე,“ – აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

