როგორ უნდა გაიგოს პირმა ჩამორთმეული მართვის უფლება აღუდგა თუ არა
როგორც უკვე ცნობილია, 30 000-ზე მეტ ადამიანს, ავტომობილის ჩამორთმეული მართვის უფლება ერთჯერადად აღუდგება.
პარლამენტმა მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა და ერთხმად დაამტკიცა.
შედეგად, კანონპროექტის სამართლებრივი შეღავათი გავრცელდება მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, აღნიშნული ინფორმაციის ასახვას, შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (publicdecisions.police.ge) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 2026 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოფს.
დოკუმენტის მიხედვით, პირი ვალდებულია აღნიშნულ ვებ-გვერდზე გადაამოწმოს მართვის უფლების აღდგენის თაობაზე ინფორმაცია ორი ალტერნატიული მეთოდით:
პირადი ნომრის და პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომრის მითითებით;
პირადი ნომრის და საჯარიმო ქვითრის/ოქმის/დადგენილების ნომრის მითითებით.
ამასთან, პირი ვალდებულია მხოლოდ მას შემდეგ მართოს სატრანსპორტო საშუალება, როდესაც დარწმუნდება, რომ საქართველოს შინაგან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე აისახა ინფორმაცია მისი მართვის უფლების აღდგენის თაობაზე.

