XII კლასი არჩევით, სავალდებულო სასკოლო ფორმა და ერთი სახელმძღვანელო|ახალი კანონი სრულად
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ამოქმედდა. მას ხელი 4 თებერვალს “ოცნების” მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა.
ცვლილებების მოკლედ:
1. სრული ზოგადი განათლება მოიცავს არანაკლებ 11 წელს და არაუმეტეს 12 წელს. ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრა შემდეგნაირად: დაწყებითი საფეხური (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო საფეხური (3 წელი − VII−IX კლასები) და საშუალო საფეხური (2 წელი − X და XI კლასები) და ნებაყოფლობითი 1 წელი (XII კლასი); შესაბამისად, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X და XI კლასების დაძლევის საფუძველზე გაიცემა ატესტატი. XII კლასის გავლა ნებაყოფლობითია 2028-2029 სასწავლო წლიდან.
2. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს უსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით.
3. საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმა სავალდებულოა. ამასთან, საჯარო სკოლას (ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე) და კერძო სკოლას უფლება აქვთ, დააწესონ სასკოლო ფორმის ტანსაცმელი ისე, რომ არ შეზღუდონ მოსწავლისა და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლესა და მასწავლებელს უფლება აქვთ, დასაბუთებული უარი თქვან ამ პუნქტით გათვალისწინებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმაზე. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები. თუ მოსწავლეს არ შეუძლია სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შეძენა, იგი ამ ტანსაცმლით სკოლამ უნდა უზრუნველყოს.
4. განათლების სამინისტრო ქმნის ყველა საგნის და კლასის სახელმძღვანელოს, რომელიც იქნება ყველასთვის ერთი, რაც სკოლებს მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაეცემათ.
5. განათლების სამინისტრო დაამტკიცებს სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მობილური ტელეფონების) გამოყენების ზოგად წესს.
ცვლილებების ამოქმედების მიზნით, საქართველოს მთავრობამ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით:
ა) 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა უზრუნველყოს საჯარო სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცება;
ბ) 2028 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს საჯარო სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კი:
ა) 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა უზრუნველყოს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებების, მათ შორის, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ნიმუშის, საფასურის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესის დადგენა;
ბ) 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა უზრუნველყოს სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესის დამტკიცება;
გ) 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს:
გ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საფასურის, აგრეთვე მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესების დამტკიცება;
გ.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს შექმნა, მისი ბეჭდვა და აღნიშნული სახელმძღვანელოს მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით სკოლებისთვის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის შესაბამისად მიწოდება.

