უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები ამოქმედდა
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ამოქმედდა. მას ხელი 4 თებერვალს “ოცნების” მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა.
ამოქმედებული ცვლილებები მოკლედ:
1. ჩნდება ახალი პოზიცია – წამყვანი პროფესორი, რომელიც განმარტებულია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება წამყვანი პროფესორისგან, პროფესორისგან, ასოცირებული პროფესორისგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისგან.
2. რეორგანიზაცია – სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, მისი განხორციელების ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელების განსაკუთრებული წესი.
მინისტრს უფლება აქვს, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რექტორის მოადგილის/რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებელი/მოვალეობის შემსრულებლები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და შექმნას დროებითი კოლეგიური მმართველი ორგანო − დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით მიენიჭება აკადემიური საბჭოს ან/და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებათა განხორციელების უფლება.

