,,ადგილობრივი წარმოება უკუსვლას განიცდის“ – მანანა ანჯაფარიძე
„წლიდან წლამდე ადგილობრივი წარმოება უკუსვლას განიცდის,“ – ამის შესახებ „მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მანანა ანჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, წლებია, სიტუაცია არის სავალალო და თურქეთი სრულად ფარავს ქართულ ბაზარს.
„წლიდან წლამდე ადგილობრივი წარმოება უკუსვლას განიცდის. იმპორტი ხდება ძირითადად თურქეთიდან, რამდენჯერმე იყო ეგვიპტიდან, მაგრამ თურქეთი სრულად ფარავს ქართულ ბაზარს, არასეზონზეც და სეზონზეც კონკურენციაში შემოდის.
სეზონზეც კი ვერ ვუწევთ კონკურენციას თურქულ მარწყვს. არასეზონზე არ ვსაუბრობ, რადგან ერთი მარცვალიც კი არ მოდის, ამ დროს ყველა მარწყვი არის თურქული, მაგრამ აწერია „ქართული“. ეს კიდევ ცალკე თემაა და დასჯადი უნდა იყოს. კანონი არის, მაგრამ აღსრულება არ არის.
ერთი წლის წინ ასოციაციამ მივაღებინეთ ჩასწორება მოქმედ კანონში, რომ მარკეტები და საცალო ქსელები ვალდებულები იყვნენ, რომ დაეწერათ პროდუქტზე წარმომავლობის ქვეყანა, მაგრამ აქაც აწერენ „უცხოური“ ან „ქართული“ და კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს, არადა კანონი გვაქვს.
საკმაოდ ბევრი ფერმერის ხელმოწერით მოვითხოვეთ სამინისტროს დონეზე, პრემიერის სახელზეც შევიტანეთ განაცხადი… საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ ვიცით, რას ვჭამთ. მარტო მარწყვს არა, ნებისმიერ პროდუქციაზე ვამბობ,“ – განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ.

