ახალი ამბები

ბოლო 15 წელიწადში ყურძნის კრეფის ღირებულება გასამმაგდა

„ბოლო 15 წელიწადში გასამმაგებულია ყურძნის კრეფის ღირებულება“, – აცხადებს ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტი ილია კუნჭულია.

მისი თქმით, რთვლის პიკურ პერიოდში საათობრივმა ანაზღაურებამ 10 ლარს მიაღწია. საერთო ჯამში მუშახელს დღეში 70-80 ლარის გამომუშავება შეუძლია.

თუ როგორია მუშახელის ანაზღაურება ყურძნის კრეფაზე, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პიკურ პერიოდში 70-80 ლარს შეადგენს მუშახელის ანაზღაურება.

„ყურძნის კრეფაზე ადამიანების ჩართულობა არის საჭირო. ბოლო 15 წელიწადში გასამმაგებულია კრეფის ღირებულება. კრეფის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, პიკურ პერიოდში 70-80 ლარს შეადგენს მუშახელის ანაზღაურება, საათში 10 ლარზეა დაახლოებით ასული. ამაზეც რიგია, ვერ პოულობენ კადრებს“.

როგორც მანვე აღნიშნა, სოფლის მეურნეობისთვის ნომერ პირველი პრობლემა სეზონური მუშახელია. ილია კუნჭულიას თქმით, კადრების დეფიციტი განსაკუთრებით პრობლემურია რთველს პერიოდში, რადგან მოსავლის დაგვიანებით აღების დროს ფუჭდება ხარისხი.

„ფერმერები ვეღარ შოულობენ კადრებს, რიგში დგანან რომ ბრიგადები გამოთავისუფლდეს და მოკრიფონ მოსავალი. ამ დროს როცა ხარისხზე გვაქვს საუბარი და ყურძენი დასაკრეფია, იქ რამდენიმე დღე მუშის ლოდინი რომ გიწევს, ხარისხი ფუჭდება, გადამწიფდება, მზე დაწვავს და ა.შ“.