ახალი ამბები

პროტესტის 391-ე დღე – რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს

უწყვეტი პროევროპული პროტესტი გრძელდება. ამ დროსთვის რუსთაველზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე არიან შეკრებილები დროშებით და საპროტესტო შინაარსის ბანერებით. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

23 დეკემბერს უწყვეტი პროტესტის 391-ე დღეა.

ცნობისთვის, შსს-ს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც 2025 წლის 21-31 დეკემბრის, ასევე მომავალი წლის 1-9 იანვრის შეკრება-მანიფესტაციებს შეეხება. ინფორმაცია შეიცავს აქციის ჩატარების ადგილის დასახელებას, თარიღს, დაწყება-დასრულების დროს, შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირს და შსს-სგან სავალდებულო მითითებას, მათ შორის იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეებმა არ უნდა შეაფერხონ ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელი გადაადგილება.

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი ცვლილებების მიხედვით, შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზეც გავრცელდა. „ხალხის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის ორგანიზატორებმა 5 დღით ადრე, წერილობით უნდა გააფრთხილონ შსს. სამინისტრო ვალდებულია, საჯაროდ გამოაქვეყნოს საპასუხო გაფრთხილება ან აქციის მონაწილეებს შესთავაზოს ალტერნატიული ადგილი, დრო და მიმართულება.