რატომ ძვირდება ხორცი – განმარტება
ხორცის ფასი იზრდება და მოსალოდნელია, რომ პროდუქტი გაზაფხულზე კიდევ უფრო გაძვირდება. მიზეზი ქვეყნიდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტია, რამაც ადგილობრივ ბაზარზე წარმოება შეამცირა. ხორცის გაძვირება მოქმედებს ინფლაციაზეც. ნოემბერში სურსათის ფასები 10.3%-ით გაძვირდა, მათ შორის, ხორცის და ხორცპროდუქტების ფასი 6.5%-ით არის გაზრდილი.
როგორც BMG-ს ფერმერმა, „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა განუცხადა, ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოება შემცირებულია, რაც თავის მხრივ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დიდი რაოდენობით ექსპორტით არის განპირობებული.
“140 კილოზე პატარა საქონლის გაყვანაზე შეზღუდვა რომ მოიხსნა, მას შემდეგ, ყველანაირი საქონელი გადის. 135,000-მდე სული მარტო წელს გავიდა ქვეყნიდან. ძირითადად გადის პატარები – 120-130, მაქსიმუმ 180 კილო და შესაბამისად, ის რომ გადის, გასასუქებელი სულადობა აღარ რჩება. შესაბამისად, იმ ბიზნესს, რომელიც ძირითადად შესყიდვით, გასუქებით და მერე ხორცის რეალიზაციითაა დაკავებული, ამ საქონლის მოპოვება და მისთვის ნედლეულის შეძენა გაუძვირდა. ამის გამოა, რომ დღეს საქართველოში ფასი ძალიან გაზრდილია”, – ამბობს ბექა გონაშვილი.
ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბაზარზე ცოცხალი წონის ფასი 12-13 ლარის ფარგლებშია, ხოლო სასაკლაოს ფასი 23-24 ლარის ფარგლებში მერყეობს.
მოთხოვნას ადგილობრივ ბაზარზე რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტი ანაცვლებს. ბექა გონაშვილის თქმით, იმპორტიორებს შედარებით დაბალ ფასად შემოჰყავთ ცოცხალი ცხოველი. ამასთან, ფერმერი აღნიშნავს, რომ ცოცხალი საქონელი ქვეყანაში ე.წ. არალეგალური გზებითაც შემოდის, რაც იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, საბაჟო გადასახადების შემცირების ხარჯზე, დაბალი ფასი დაიჭირონ.
“გარკვეული მაქინაციებით ცდილობენ შემოყვანას, რაც დღგ-ს და მსგავს საკითხებს უკავშირდება. დოკუმენტებში ფასს წერენ 1 დოლარს და 50 ცენტს ცოცხალ წონაზე, ეს ფასები კი რუსეთში აღარ არის. ახლა დაახლოებით 4 დოლარის ფარგლებშია. ამ გზით, უფრო ნაკლებ დღგ-ს იხდიან. პირობითად, თუ მანქანაზე უნდა გადაეხადათ 40 000 ლარი დღგ-ს ფასი, 20 000 ლარს იხდიან” – ამბობს ბექა გონაშვილი.
საქსტატის მონაცემებით, წელს, 10 თვეში საქართველოდან $63 მლნ 400 ათასის ღირებულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გავიდა ექსპორტზე, მაშინ როდესაც შარშან, სრული წლის მაჩვენებელი $55 მლნ-ის ფარგლებში იყო. რაც შეეხება იმპორტს, წელს, იანვარ-ოქტომბერში $13 მლნ 156 ათასის ღირებულების ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემოვიდა. 2024 წლის ჯამური მაჩვენებელი კი, $17 მლნ 455 ათასი დოლარი იყო.

