ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო სრულად უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
2025 წლის მდგომარეობით, ბიუროს ბიუჯეტი 13.2 მილიონი ლარია, 2026 წლისთვის კი მასზე 14.5 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. თუმცა უცნობია რა დაფინანსებით გადავა ეს უწყება უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემადგენლობაში.
ანტიკორუფციულ ბიუროს 2023 წლის სექტემბრიდან არსებობს და მას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. უწყების საშტატო შემადგენლობა 121 დასაქმებულისგან შედგება, რომელთა ხელფასებზეც წელს 7.8 მილიონი ლარი იხარჯება.
ანტიკორუფციული ბიურო ქართული ოცნების უმრავლესობამ ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით შექმნა, თუმცა უწყების ეფექტიანობაზე ჯერ კიდევ 2023 წელს ვენეციის კომისია აღნიშნავდა, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არასაკმარისი იყო და მისი უფროსის დანიშვნა/გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას არა პარლამენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი იღებდა.
უწყება საჯარო სექტორში კორუფციაზე კონტროლის განხორციელების მიზნით შეიქმნა, თუმცა ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, იმის გამო, რომ მას საგამოძიებო უფლებები არ გააჩნდა, მის მიერ კორუფციასთან ბრძოლის მიზნების ეფექტიანად შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
ამასთან, ანტიკორუფციულ ბიუროს დაფუძნების შემდეგ მთავრობამ NGO სექტორის, უცხოური გრანტების და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის ვალდებულებაც დააკისრა, ხოლო ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ეს ბიურო ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ხელისუფლების ხელში ერთ-ერთ იარაღად გამოიყენებოდა.
რაც შეეხება თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, 2025 წლის ივნისიდან მას ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ხელმძღვანელობს. წელს უწყების ბიუჯეტი 25.2 მილიონ ლარს შეადგენს. მასში სულ 341 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა წლიური ხელფასიც 20.4 მილიონი ლარია.

