ახალი ამბები

როდიდან აიკრძალება ერთჯერადი პლასტიკის ჭურჭლით საკვების რეალიზაცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქციის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულის ფარგლებში, აიკრძალება იმ ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, რომელიც საკვებთან რეაქციაში შედის.

საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პლასტიკის მწარმოებლები, იმპორტიორები, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე „ბიზნესპრენსიუსთან“ ამბობს, რომ რეგულაციის ამოქმედება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია შემოწმება რა მექანიზმით მოხდება.

„საუბარია იმაზე, რომ ერთჯერადი შეფუთვის მასალებში ჭურჭელი უნდა იყოს ჯანმრთელობასთან თავსებადი, ანუ კანცეროგენური არ უნდა იყოს. მაგალითად, ზოგიერთი მასალა შედის რეაქციაში საკვებ პროდუქტთან და მომწამვლელია. ეს ზოგადად კარგია.

ეს კანონი უნდა ამოქმედდეს 1-ლი იანვრიდან. თუმცა, ამის რეგულირება და შემოწმება რა მექანიზმით მოხდება, ეს სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, რაღაც პერიოდს მისცემენ კომპანიებს. სიმართლე გითხრათ ეს დეტალები ჩემთვის უცნობია“,- ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

კითხვაზე, აღნიშნული რეგულაცია გაზრდის თუ არა საბოლოო პროდუქტის ღირებულებას, რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ დრამატულად არა.

„რაც შეეხება მუყაოს ყუთებს, პიცა, ხაჭაპური და ა.შ. ეს ისედაც ამ ფორმით გადიოდა და არაფერი შეიცვლება, სხვა საკვების შემთხვევაში, არ მგონია, რომ დრამატულად გაზარდოს ფასი. არიან კომპანიები, რომლებიც მხოლოდ გატანაზე მუშაობენ, მათთვის როგორ იქნება, არ ვიცი. ისე, კი, რისი ფასის მატებაც ხდება, საბოლოოდ ისევ მომხმარებელი იხდის. ამ შემთხვევაში რესტორანი არის ჯაჭვის შუალედური რგოლი, რომელიც გაატარებს ამ გაძვირებულ ღირებულებას და ეს ბოლოს მომხმარებლის გადასახდელი იქნება.

ვერ გეტყვით ზუსტად რამდენით შეიძლება გაძვირდეს. ყუთის ფასი რომ გაიზრდება თეთრებით, ეს დრამატულად სურათს არ შეცვლის“,- ამბობს კოტე გაბრიჩიძე.