საქართველოში გზების ხარისხი კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს
საქართველოში გზების ხარისხი კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს. ამაზე საუბრობენ მთავრობის წარმომადგენლებიც და პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ შეხვედრები გამართა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებთან. მანვე განაცხადა, რომ სამომავლოდ „მკაცრად გაკონტროლდება“ როგორც გზების ხარისხი, ასევე ვადები.
გზების ხარისხთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრობს დარგის წარმომადგენლებიც და აღნიშნავენ, რომ პროცესში ჩართული ყველა რგოლი გამართული უნდა იყოს, რათა გზების ხარისხის გაუმჯობესება მოხდეს. მთელ ამ ჯაჭვში ამჟამად ყველაზე დიდი გამოწვევა ზედამხედველობის, მონიტორინგისა და ლაბორატორიული შემოწმების ნაწილშია.
რომ წარმოვიდგინოთ, პროცესი ასეთია – მშენებლობას მონიტორინგს უნდა უწევდეს ზედამხედველი. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ Caucasian Infrastructure Technology Georgia-ს დირექტორმა, ტიტე ჯიშიაშვილმა განაცხადა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მშენებელი ობიექტზე ნამყოფიც კი არ არის.
„აუცილებელია სწორი მონიტორინგი. ზედამხედველი, ფაქტობრივად, არის მშენებლის მაკონტროლებელი და მისი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა არის ის, რომ მან სწორი კონტროლი განახორციელოს. ამაში იგულისხმება ის, რომ ზედამხედველმა საჭირო ტესტირება სწორად უნდა მოითხოვოს, აღებული ნიმუშები უნდა იყოს მიკვლევადი და ყველა საფეხურის შემდეგ უნდა მოხდეს ხარისხის დადასტურება. თუმცა, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენი წარმომადგენელი მისულა ობიექტზე და ზედამხედველი საერთოდ არ ყოფილა ადგილზე; მეტიც, გაგვიგია, რომ ზედამხედველი ობიექტზე არასდროს არ ყოფილა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რაც ჩვენს ქვეყანაში მონიტორინგი და ზედამხედველობა პრობლემაა. მაგალითად, 8 წლის წინ საერთაშორისო ხორვატიული კომპანია წევდა ზედამხედველობას საქართველოში, შემდგომ ფრანგული კომპანია, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემები ისევ არსებობს ხარისხის მონიტორინგის კუთხით. როგორც ჩანს, მხოლოდ კომპანიის წარმომავლობა ან ქვეყნის არ აღმოფხვრის იმ ყველა პრობლემას, რაც ზედამხედველობის ნაწილში გვაქვს“, – ამბობს ტიტე ჯიშიაშვილი.
გზის დაგების შემდეგ, მშენებელი თავად ირჩევს ლაბორატორიას გზის ხარისხის შემოწმებისთვის. თუმცა, ტიტე ჯიშიაშვილი, აღნიშნავს, რომ ლაბორატორიების ნაწილი გზის შემოწმებას ახორციელებს არა ადგილზე მისვლით, არამედ ნიმუშის მიტანით. ამ ნიმუშის წარმომავლობის დადგენა კი რთულია.
„გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ ობიექტებზე ცხადდება ტენდერი როგორც საზედამხედველო, ასევე სამშენებლო კუთხით. ზედამხედველი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მშენებელმა სამუშაოები შეასრულოს ხარისხიანად, მაგრამ შესრულებული სამუშაოს ხარისხი ლაბორატორიული ტესტირებების საფუძველზე დასტურდება. მშენებელი თავისი სურვილით მიდის აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ირჩევს მისთვის სასურველ ლაბორატორიას, მათ უკვეთს ტესტს და ლაბორატორია გასცემს გამოცდის შედეგებს, რომელსაც მშენებელი წარადგენს ზედამხედველთან, რის საფუძველზეც ზედამხედველი მას უდასტურებს შესრულებას.
თუმცა, ზედამხედველის ფუნქცია უნდა იყოს ის, რომ ჯერ საწყისი ეტაპიდან მონიტორინგი გაუწიოს იმას, რომ მშენებელმა სამუშაოები მაქსიმალური ხარისხით შეასრულოს და უზრუნველყოს ის, თუ ვინ აიღებს ნიმუშს ობიექტიდან, ვინ მიიტანს ლაბორატორიაში და ა.შ. ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს ჯაჭვური ხასიათი, რომ არ იყოს ის შავი ხვრელები, რომელიც დღეს არის ამ სფეროში. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ლაბორატორიაში მშენებელს მიაქვს ნიმუშები, რომელიც არავინ არ იცის საიდან არის აღებული; ლაბორატორია წერს, რომ ნიმუში მიუტანა მშენებელმა და პასუხისმგებლობა ყველანაირად ქრება. ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რაც ხარისხის კონტროლის კუთხით არსებობს.
ჩვენს ლაბორატორიაში ყოფილა არაერთხელ შემთხვევა, რომ მოსულან მშენებლები და უკითხავთ, აუცილებელია თუ არა ობიექტზე გასვლა და ისე თუ შეიძლება შედეგები მიიღონ. ეს ნიშნავს იმას, რომ მსგავსი შემთხვევები მშენებლებს პრაქტიკაში ჰქონიათ. ასევე, ყოფილა შემთხვევები, რომ ჩვენი ლაბორატორიიდან არაერთხელ გაცემულა სხვადასხვა კომპანიის მიმართ უარყოფითი შედეგები და შემდეგ ჩვენთან აღარ მოსულან, რადგან უნახავთ საშუალებები, რითაც მოახერხეს მათთვის სასურველი შედეგის მიღება“, – აღნიშნავს ჯიშიაშვილი.
გარდა ამისა, გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიკაციის საკითხით. რესპონდენტის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც საზედამხედველო ორგანიზაცია გზების ხარისხის გაუქმებული ნორმების მოთხოვნას აყენებს. ჯიშიაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ შესაბამისი ორგანო იცნობდეს იმ სტანდარტებს, რაც საქართველოში მოქმედებს.
„ზედამხედველის კვალიფიკაცია გამოიხატება იმაში, თუ რამდენად სწორად ითხოვს ის ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით ყველა იმ პარამეტრს, რასაც გზები უნდა აკმაყოფილებდეს. ხშირად გვაქვს შემთხვევა, როდესაც საზედამხედველო ორგანიზაციებიდან მოდის გაუქმებული ნორმების და ცდების მოთხოვნები. გასაგებია, რომ მათ არავინ არ ვთხოვთ გერმანული თუ ავსტრიულ სტანდარტების ცოდნას, მაგრამ რითაც ახორციელებენ სამუშაოებს, აუცილებელია, რომ ის ნორმები, რითაც მუშაობენ, იცოდნენ, თვალი ადევნონ განახლებებს და იმოქმედონ თანამედროვე მოთხოვნებით“, – დასძინა რესპონდენტმა.

