სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარების სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს გადააბარა
ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება თავად მუნიციპალიტეტებს მოუწევთ. შესაბამისი უფლებამოსილებების დელეგირება რეგიონული განვითარების სამინისტროსგან მოხდება. ამის შესახებ განკარგულება ირაკლი კობახიძემ 30 სექტემბერს გამოსცა.
როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ზოგიერთ მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების სამინისტროს შემდეგი უფლებამოსილებები გადაეცემა:
სკოლების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია
სკოლების მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა
სკოლების დაფინანსება მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის
სკოლების შენობაში ან/და ეზოში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინვენტარით არჭურვა
სკოლების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა
სკოლების გაზიფიცირება/საწვავის/ბრიკეტების/შეშის შესყიდვა.
განკარგულებაში არ არის აღნიშნული კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტებზეა საუბარი, თუმცა დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულების შესაბამისად. ხოლო მუნიციპალიტეტებისთვის გადარიცხული თანხიდან დარჩენილი ეკონომია ბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ცნობისთვის, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 470 მილიონი ლარით 2.61 მილიარდ ლარამდეა შემცირებული. ყველაზე დიდი შემცირება მოდის ახალი სკოლების მშენებლობის, რეაბილიტაციის, ინფრასტრუქტურის განახლებასა და ტექნიკური ბაზის გაძლიერების მიმართულებით. ამ კუთხით 2026 წელს გათვალისწინებულია მხოლოდ 141.3 მლნ ლარი, მაშინ როცა 2025 წელს – 622.7 მლნ ლარი იყო.

