დანგრეული„ინტურისტი“ და შეჩერებული თელავის განვითარების გეგმა
ქალაქ თელავში, საბჭოთა პერიოდის სიმბოლოდ აღიარებული „ინტურისტის“ შენობა, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა, ამჟამად მთლიანად დანგრეულია. შენობის ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებითა და ნანგრევებითაა სავსე. თელაველების მოლოდინი, რომ ინტურისტის ადგილს ახალი, უფრო ლამაზი ნაგებობა დაამშვენებდა, მოლოდინად დარჩა. ხოლო წლების წინ დაგეგმილი ქალაქის განვითარების გეგმა, რომლის ნაწილიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში, გრანდიოზული სასტუმროს მშენებლობა იყო, ქაღალდზე დარჩა.

მოსახლეობის უკმაყოფილება და არქიტექტორების კრიტიკა
2018 წელს კომპანია მ2-მა 130 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობისთვის, დაახლოებით 40 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. მშენებლობის პროცესში კი დაახლოებით 130 ადამიანის დასაქმება იგეგმებოდა. 7 წლის შემდეგ თელავის ისტორიულ და ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ამ ადილას, ნანგრევებია.
,,მოხარულები ვართ, რომ წარმოვადგინეთ თელავში ჩვენი სასტუმროს კონცეფცია. საუბარია 130 ნომრიან სასტუმროს მშენებლობაზე ვახვახიშვილების ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, სადაც ადრე იყო ,,ინტურისტის’’ სასტუმრო განთავსებული. ჩვენ ამ პროექტში ჩართული გვყავს ცნობილი იტალიელი დიზაინერი მიკელე დელუკი, რომელმაც მოამზადა ეს კონცეფცია. სასტუმროს მშენებლობისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, მშენებლობის პროცესში კი დაახლოებით 130 ადამიანი დასაქმდება, შემდგომ კი სასტუმროში 150 ადამიანი იმუშავებს. გარდა ამისა, ჩვენი სასტუმრო ირიბ დასაქმებასაც შეუწყობს ხელს. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ რესტორნებთან, მარნებთან, სხვადასხვა პროდუქტის მომწოდებლებთან და შესაბამისად ხელს შევუწყობთ სამუშაო ადგილების შექმნას ამ მიმართულებით’’, – განუცხადა knews.ge-ს 2018 წელს m2 -ის გენერალურმა დირექტორმა(ახლა აღარ არის დირექტორი) ირაკლი ბურდილაძემ.
თელაველები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ შენობის ახალი პროექტი ქალაქის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას არ უწყობდა ხელს. ადგილობრივების კრიტიკა შეეხო არქიტექტურულ პროექტის ხარისხს, რომელმაც მათი თქმით, არ მიესადაგებოდა ქალაქის არსებულ სტილს. მოსახლეობა ითხოვდა არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებზე ფართო განხილვებს და მოქალაქეთა ჩართულობას.
აღნიშნულ საჯარო განხილვაზე დასწრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ არ მიიწვიეს არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,თელავი ჩემი ქალაქია“ დამფუძნებელი, თამარ ბოტკოველი. მაშინ ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობდა, რომ შეხვედრის შესახებ საკუთარი წყაროებიდან შეიტყო და მაინც მივიდა. მისი თქმით, მერიის წარმომადგენლების გარდა განხილვაზე რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რომლებსაც აზრის გამოთქმის საშუალება არ მიეცათ.
,,პრეზენტაციაზე ვნახე მაკეტი, რომელიც ქალაქ თელავის სპეციფიკასთან თანხვედრაში არ მოდიოდა. ეს იყო განიერი, ნალისებური შენობა, მაღალი, რომელიც სრულად დაფარავდა კავკასიონის სილამაზეს. რაც არის, ისიც მაღალია, მაგრამ ჰორიზონტალურად თხელი შენობა იყო, რომელიც ამშვენებდა ქალაქს და ერთ-ერთი თვალსაჩინო იყო. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ როგორი სტანდარტებით უნდა აშენდეს, რადგან გენ.გეგმაში ასეთი მაღალი შენობები არ მოიაზრება. თელავს სახეს დაუკარგავს. ჯერ ერთი, როდესაც უკვე ვიცოდით, რომ ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა მზადდებოდა, ამ არქტიტექტორებისთვის უნდა ეკითხათ როგორი ფასადი შეიძლებოდა ყოფილიყო. აუცილებელია მოსახლეობასთან კონსულტაციები. როგორც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა ,,რაფაელოს ყუთი“, ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა“, – ამბობს თამარ ბოტკოველი knews.ge-თან.
საკითხზე მსჯელობდნენ ექსპერტები, მათ შორის, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ახალ არქიტექტურულ პროექტში არა მხოლოდ თანამედროვე მოთხოვნები უნდა გაეთვალისწინებინათ, არამედ, ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა იყო საჭირო.
ამასთან, თელავში დღემდე არსებული შეშფოთება, რომ პროექტი შეაფერხებდა და შეცვლიდა ქალაქის კულტურულ ფასეულობებს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების ფართო და ღია განხილვა.
დემონტაჟი: 2018-2020 წელი
„ინტურისტის“ შენობა 70-იან წლებში აშენდა და იმჟამინდელი დროის მოთხოვნებს პასუხობდა, თუმცა დროთა განმავლობაში მიმდინარე ცვლილებებმა და სხვა ფაქტორებმა, მას უფუნქციო სახე შესძინა. ამასთან ერთად, ექსპერტების შეფასებით, შენობა სეისმურად მდგრადი არ იყო, რაც გახდა საბოლოო არგუმენტი მისი დემონტაჟისთვის.
2018 წელს, როცა ოფიციალურად დაიწყო დემონტაჟი, არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებული იყო ახალი 130 ნომრიანი, მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა, რომელიც ასევე უნდა ყოფილიყო აღმავალი წერტილი საკურორტო და ტურისტული განვითარებისთვის. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „m² უძრავი ქონება“ იყო, რომელმაც თავიდანვე განაცხადა, რომ ამ ადგილას უნდა აშენებულიყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო. თუმცა, შორეული პერსპექტივის ნაცვლად, მოვლენები სწრაფად შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის გათვალისწინებით, დემონტაჟი აფეთქების ნაცვლად, ხელით განხორციელდა, თუმცა „ინტურისტის“ დემონტაჟის სამუშაოები წესების დარღვევით წარიმართა, რის გამოც 40 წლამდე მამაკაცს დენმა დაარტყა.
“მან სახის არეში მძიმე დამწვრობა მიიღო. წინასწარი ვერსიით, მამაკაცი სასტუმროში დამონტაჟებული მრიცხველიდან ელექტროენერგიის გამორთვას უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ცდილობდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადყოფოში გადაიყვანა. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის გამო, მისი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. შსს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.” – წერდა საზოგადოებრივი მაუწყებელი.
პროექტის შეჩერება და ცვლილებები
პროექტის განხილვისას თელავის მოსახლეობა იმედოვნებდა, რომ „ინტურისტის“ ადგილას ახალი სასტუმროს მშენებლობა რეალურად იყო ქალაქის განვითარების გეგმის ნაწილი და ტურიზმის განვითარების მიზნებს პასუხობდა, თუმცა მალევე გახდა ნათელი, რომ იმედი შეიძლებოდა მხოლოდ ლამაზ „ზღაპრად” დარჩენილიყო.
მშენებელმა კომპანია „m²“ – მა რეორგანიზაცია განიცადა და ცნობილი გახდა, რომ თელავში სასტუმროების მიმართულებით აღარ განაგრძობდნენ საქმიანობას. კიდევ ერთხელ შეჩერდა პროექტი და დასრულების ვადები გაურკვეველი დარჩა.
2020 წელს პანდემიის ფონზე მიღებული ბიზნეს გადაწყვეტილება, რომელიც სასტუმროების მიმართულების შეჩერებას გულისხმობდა, საბოლოოდ, როგორც ჩანს, სამუდამო ცვლილების მომტანი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, „საქართველოს უძრავი ქონების მართვის” ჯგუფმა ცხადყო, რომ არ გეგმავდნენ უფრო მეტ ინვესტირებას თელავში არსებულ „ინტურისტის“ ტერიტორიაზე, და მომავალი პროექტი სამუდამოდ გადაიდო.
„აღნიშნული პროექტი 2020 წელს, პანდემიის პერიოდში შეჩერდა, როდესაც შპს „საქართველოს უძრავი ქონების მართვის ჯგუფმა“ მიიღო ბიზნესგადაწყვეტილება, შეეჩერებინა სასტუმროების მიმართულების განვითარება. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „საქართველოს უძრავი ქონების მართვის ჯგუფი“ აღარ გეგმავს სასტუმროს მშენებლობასთელავში, ყოფილი სასტუმრო “ინტურისტის” ტერიტორიაზე და მიწა უკან გადაეცემა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს.” – აღნიშნეს მათ.
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ის ჯერ კიდევ “საქართველოს უძრავი ქონების მართვის” ჯგუფის საკუთრებაშია. ამის მიზეზი მათივე განცხადებით 2020 წელს შეჩერებული პროექტის იურიდიული საბუთების მოგვარების პროცესი დასახელდა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.
თელავის მერიის როლი
თელავის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც ჩანს, თავიდანვე არ იყო ჩართული ამ პროექტში. მერიის წარმომადგენელთა განცხადებით მათ მხოლოდ პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია, საჯარო განხილვა დააორგანიზეს, რომელიც თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
შემდეგ კი შენობის დემონტაჟის ნებართვა გასცეს, რაც შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა. თელავის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსის, მალხაზ ბაუაშვილის განმარტებით, მერიას სხვა არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია ამ პროცესთან და ყველა სხვა გადაწყვეტილება პროექტის ავტორისა და ინვესტორის კომპეტენციის ფარგლებში მოექცა. ბაუაშვილი knews.ge სთან 2020 წელს მიცემულ კომენტარში განმარტავდა:
,,ვინ გითრათ, რომ გენ. გეგმაში არ ჩაჯდა და საიდან არის ეს ინფორმაცია? კომპანიას გაცემული აქვს მშენებლობის დემონტაჟის ნებართვა, რომ მათ სურთ ააშენონ ახალი შენობა. არ ვიცი, ეგ ინფორმაცია. ის ძველი შენობა არის კომუნისტების დროს აშენებული, რომელიც აღარ აკმაყოლებს იმ სტანდარტებს და ამიტომ. შეჩერებული არ არის, კერძო კომპანიას ვერ მოვთხოვ, როდის უნდა დაშალოს და როდის არა, მათ აქვთ ვადა და დაშლიან. ახალი პროექტი არ წარმოუდგენიათ. ეგ არის ისტორიული ადგილი, სადაც ერთვება ,,ძეგლთა დაცვა“ და იქაც უნდა გაიაროს, იმათ უნდა მისცენ მშენებლობის ნებართვა. მშენებლობა არ არის დაწყებული. ჯერ პროექტი არ არის წარმოდგენილი“,– განაცხადა მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსსმა მალხაზ ბაღუაშვილი.
ამჟამინდელი მდგომარეობა და გაურკვეველი მომავალი
თელავში, შენობის ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებითა და ნანგრევებითაა სავსე.
მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით კი ყველაფერი გაურკვეველი რჩება.
ბმულები: „m²“ – ის (შპს „საქართველოს უძრავი ქონების მართვის ჯგუფი“) – ხელშეკრულებები.
პირველი ხელშეკრულება: https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDXt7YuT25sxcqKlBEwkslqC%5DsW4G%5DAB4Ar2CKf%5BMVm4
ბოლო ხელშეკრულება: https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFBwvf32QzjQHbNQyjEGscgIhdr7lsIfP0t2kDW8%5BUHEB
2018 წელი:
წერილობითი წყაროები:
- https://knews.ge/?p=45488
- https://knews.ge/?p=35935
- https://knews.ge/?p=35129
- https://1tv.ge/news/telavshi-yofili-inturistis-shenobis-demontadji-mimdinareobs/
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე