თელავში, ძველი ინტურისტის ტერიტორიაზე, 130 ნომრიანი ახალი სასტუმრო აშენდება (R)
კომპანია „m² უძრავი ქონება“ თელავში ახალ სასტუმროს ააშენებს. 130 ნომრიანი სასტუმროს აშენება იგეგმება ძველი და უფუნქციო „ინტურისტის“ ტერიტორიაზე, სადაც ძველი შენობის დემონტაჟის პროცესი უკვე დაწყებულია.
აღნიშნული პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია და საჯარო განხილვა თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართა, რომელსაც m²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
m2 -ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ პროექტში გათვალისწინებულია სასტუმროს ტერიტორიის ისტორიული ფაქტორი, ფუნქციონალური ნაწილი და თელათან არქიტექტურული თავსებადობა. ირაკლი ბურდილაძის განმარტებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტებია ღვინის თემატიკა და გასტრონომია.
,,მოხარულები ვართ, რომ წარმოვადგინეთ თელავში ჩვენი სასტუმროს კონცეფცია. საუბარია 130 ნომრიან სასტუმროს მშენებლობაზე ვახვახიშვილების ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, სადაც ადრე იყო ,,ინტურისტის’’ სასტუმრო განთავსებული. ჩვენ ამ პროექტში ჩართული გვყავს ცნობილი იტალიელი დიზაინერი მიკელე დელუკი, რომელმაც მოამზადა ეს კონცეფცია. სასტუმროს მშენებლობისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, მშენებლობის პროცესში კი დაახლოებით 130 ადამიანი დასაქმდება, შემდგომ კი სასტუმროში 150 ადამიანი იმუშავებს. გარდა ამისა, ჩვენი სასტუმრო ირიბ დასაქმებასაც შეუწყობს ხელს. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ რესტორნებთან, მარნებთან, სხვადასხვა პროდუქტის მომწოდებლებთან და შესაბამისად ხელს შევუწყობთ სამუშაო ადგილების შექმნას ამ მიმართულებით’’, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ბურდილაძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, თანამედროვე სტანდარტების ახალი სასტუმროს მშენებლობა რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები. ვფიქრობ, თელავისთვის და, ზოგადად, კახეთის რეგიონისთვის ასეთი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა მნიშვნელოვანია. ეს რეგიონში მეტი ტურისტის მოზიდვას შეუწყობს ხელს’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას შოთა ნარეკლიშვილმა.
ახალი სასტუმროს მშენებლობის პროექტში შენარჩუნებულია ვახვახიშვილების ისტორიული ციხის კონცეფცია. სასტუმროში განსაკუთრებული ინტერიერით და ხედებით 130 ნომრის გარდა, 2 საცურაო აუზი, რესტორნები და ვახვახიშვილების მარანი იფუნქციონირებს, რომელსაც ისტორიული დატვირთვა ექნება. პროექტის დასრულება 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.
მოამზადა: მაკა ხაზიურმა