არჩევნებიახალი ამბები

ომბუდსმენი – საბანკო სესხის განულების ინიციატივა შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა, რომელიც „შავ სიაში“ მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს, საჭიროა, სამართალდამცავმა ორგანოებმა შეისწავლონ.

ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ანაზღაურდება საბანკო დავალიანება, თუმცა მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

„ეს საკითხი ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებს შესწავლას. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ ანაზღაურდება ტექნიკურად ეს ვალები. თუკი მასში კერძო პირები იქნებიან ჩართულნი და ისინი კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, მაშინ ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა იმსახურებს შესწავლას, მათ შორის, სამართალადამცავი ორგანოების, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მესამე სექტორი პროკურატურას შესაბამისი რეაგირებისკენ მოიწოდებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივას შეისწავლიან.

„ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს. შევისწავლით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კი ამბობენ, რომ ამ ინიციატივის შესწავლა მათ კომპეტენციას სცდება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი