არჩევნებიახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნები“ – მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო მკვეთრი პოლარიზებითა და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო პირველ ტურთან შედარებით კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებითა და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება.
არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში გაზრდილია აგრესიული რიტორიკა.
“პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ. მოგვიანებით, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველი გზავნილების მიღების შესახებ განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა“, – ნათქვამია წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში.
ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, პირველ და მეორე ტურებს შორის მედია მკვეთრად პოლარიზებულია.
“მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია იმედმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ “საგანგებო რეჟიმში“ გადასვლის შესახებ განაცხადა, ხოლო ტელეკომპანია “რუსთავი 2“ მკვეთრად გამოხატავს ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ნატალია ცისკარაშვილი