არჩევნებიახალი ამბები

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო.
ბიულეტენების ბეჭდვა რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად საერთაშორისო სადამკვირველო ორგანიზაციის 2 და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი დააკვირდება.ცესკოს ინფორმაციით, თბილისის 6 სტამბაში 3 705 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 278 450 ბიულეტენი.
“ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე – 133 საარჩევნო უბანს. ასევე 4 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა ბიულეტენებს მიაწვდიან საუბნო საარჩევნო კომისიებს.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, ამომრჩეველთა ერთიან სიაში, საერთო ჯამში, რეგისტრირებულია 3 528 658 ამომრჩეველი.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი