აშენდება თუ არა ,,ინტურისტის” ადგილზე სასტუმრო თელავში
ყოფილ ე.წ. ,,ინტურისტის“ შენობას, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად და კახეთის ,,სავიზიტო ბარათად“ ითვლებოდა, დღეს ადგილობრივი მერიის მთავარი არქიტექტორები კომუნისტური მმართველობის გადმონაშთად აცხადებენ, რომელმაც იერი უნდა შეიცვალოს. თუმცა სასტუმრო ,,კახეთის“ ადგილზე მშენებარე ახალი ობიექტის გარშემო უფრო მეტი ბუნდოვანება და კითხვის ნიშნებია, ვიდრე მოძიებული პასუხები.
რა და როგორი ობიექტი აშენდება სასუმრო ,,კახეთის“ ადგილზე, რომელსაც თელაველები, როგორც ,,ინტურისტის“ შენობას, ისე იცნობენ, დანამდვილებით არავინ იცის. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერს ამ საკითხზე კომეტარის გაკეთება აღარ სურს. მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსი მალხაზ ბაღუაშვილი კი, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ კომპანიას- „m² უძრავი ქონება“-თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ძველი შენობის დემონტაჟის უფლება მისცა, პროექტი კი, კომპანიას ამ დრომდე არ წარუდგენია.
,,ვინ გითრათ, რომ გენ. გეგმაში არ ჩაჯდა და საიდან არის ეს ინფორმაცია? კომპანიას გაცემული აქვს მშენებლობის დემონტაჟის ნებართვა, რომ მათ სურთ ააშენონ ახალი შენობა. არ ვიცი, ეგ ინფორმაცია. ის ძველი შენობა არის კომუნისტების დროს აშენებული, რომელიც აღარ აკმაყოლებს იმ სტანდარტებს და ამიტომ. შეჩერებული არ არის, კერძო კომპანიას ვერ მოვთხოვ, როდის უნდა დაშალოს და როდის არა, მათ აქვთ ვადა და დაშლიან. ახალი პროექტი არ წარმოუდგენიათ. ეგ არის ისტორიული ადგილი, სადაც ერთვება ,,ძეგლთა დაცვა“ და იქაც უნდა გაიაროს, იმათ უნდა მისცენ მშენებლობის ნებართვა. მშენებლობა არ არის დაწყებული. ჯერ პროექტი არ არის წარმოდგენილი“,-აცხადებს მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსი მალხაზ ბაღუაშვილი.
თუმცა პროექტი რომ არსებობდა და მისი საჯარო განხილვაც გასული წლის შემოდგომაზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტრეტში, ჩატარდა, ამას შეხვედრის მონაწილეები ადასტურებენ. მათ შორის ერთ-ერთი ,,თელავის დემოკრატიის სკოლის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძეა.
,,თავიდან, როგორც იყო შეთანხმება, თუ არ ვცდები, უნდა ყოფილიყო 8 ან 9 სართულიანი შენობა. მაგრამ ქალაქ თელავის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, ქალაქის ცენტრში გათვალისწინებულია 4 სართული. შეუსაბამობის გამო მერია არ იძლეოდა ნებართვას. თუმცა, როგორც ვიცი, შეთანხმდნენ და ახალი შენობა აღარ იქნება იმ სიმაღლის და იმ მასშტაბის. როდესაც აღნიშნული გეგმა დასრულდება, სავარაუდოდ გაგრძელდება მშენებლობაც.“
თელავის საზოგადოების ერთი ნაწილი ახალი სასტუმროს პროქტის მოსახლეობასთან შეთანხმებას ითხოვდა. სამოქალაქო აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი თვლის, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი თელაველებთან ნაწილობრივ შეთანხმებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მისი საჯარო განხილვა მოხდა.
,,ამ შეხვედრაზე მოქალაქეების უმრავლესობა და არქიტექტორები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, მათ შორის, მეც. თელავის განაშენიანების გენ. გეგმის ავტორიც ეჭვის თვალით უყურებდა ახალ მშენებლობას. გამზადებული შენობა იყიდეს და მერთან განცხადებაში დაწერეს, რომ ამხელა შენობას ვერ ვუპატრონებთ, უფლება მოგვეცით, რომ დავანგრიოთო და მისცეს უფლება იმაზე ადრე, ვიდრე საჯარო განხილვა მოხდებოდა. რისთვის იყიდეს, რადგან იაფად მისცეს? თუმცა ერთმნიშვნელოვნად, რომ კომპანიებს უარი არუნდა ვუთხრათ რადგან ქალაქს ინვესტიციები და განვითარება სჭირდება, თუმცა ქალაქს უნდა უნარჩუნებდეს იმ კულტურულ იერ-სახეს, რომელიც აქვს. ის პროექტი კი არ იყო შესაფერისი“.
საჯარო განხილვაზე დასწრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ არ მიიწვიეს არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,თელავი ჩემი ქალაქია“ დამფუძნებელი, თამარ ბოტკოველი. თამარი ამბობს, რომ შეხვედრის შესახებ საკუთარი წყაროებიდან შეიტყო და მაინც მივიდა. მისი თქმით, მერიის წარმომადგენლების გარდა განხილვაზე რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რომლებსაც აზრის გამოთქმის საშალება არ მიეცა.
,,პრეზენტაციაზე ვნახე მაკეტი, რომელიც ქალაქ თელავის სპეციფიკასთან თანხვედრაში არ მოდიოდა. ეს იყო განიერი, ნალისებური შენობა, მაღალი, რომელიც სრულად დაფარავდა კავკასიონის სილამაზეს. რაც არის, ისიც მაღალია, მაგრამ ჰორიზონტალურად თხელი შენობა იყო, რომელიც ამშვენებდა ქალაქს და ერთ-ერთი თვალსაჩინო იყო. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ როგორი სტანდარტებით უნდა აშენდეს, რადგან გენ.გეგმაში ასეთი მაღალი შენობები არ მოიაზრება. თელავს სახეს დაუკარგავს. ჯერ ერთი, როდესაც უკვე ვიცოდით, რომ ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა მზადდებოდა, ამ არქტიტექტორებისთვის უნდა ეკითხათ როგორი ფასადი შეიძლებოდა ყოფილიყო. აუცილებელია მოსახლეობასთან კონსულტაციები. როგორც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა ,,რაფაელოს ყუთი“, ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა“, – ამბობს თამარ ბოტკოველი.
,,knews”-ის მიერ გამოკითხული თითქმის ყველა რესპოდენტი ,,სასტუმრო კახეთის“ ახალ პროექტს ,,თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გეგმას“ უკავშირებს. თუმცა, როგორც ირკვევა, საჯაროდ განხილული გეგმა საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის და მერიის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის დროს დახარვეზდა. გამოიკვეთა არაერთი შენიშვნაც. ასე რომ, როდის ექნება თელავს ახალი ,,სახელმძღვანელო“ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქი სამომავლოდ, რთული სათქმელია.
სანამ თელავში იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორი შენობა უნდა აშენდეს სასტუმრო ,,ინტურისტის“ ადგილზე, ამასობაში, გაირკვა, რომ კომპანიამ – ,, m² უძრავი ქონება“, -რეორგანიზაცია განიცადა. ამიერიდან ,, m²“ მხოლოდ მშენებარე ბინების გაყიდვის მიმართულებით იმუშავებს, იმავე ბაზაზე, სასტუმროების მიმართულებით კი, ,,საქართველოს უძრავი ქონება“. სწორედ ამ უკანასკნელი მიმართულების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პროექტი მიდის დასრულებისკენ და დასკნით ეტაპებს გადის. სულ მალე დაიწყება ძველი შენობის დემონტაჟი და ახალი პროექტის შესაბამისად, სასტუმროს ახალი მშებენლობა დაიყება.
კომპანიაში ,,ინტურისტის“ დემონტაჟის და ახალი სასტუმროს მშენებლობის ახალ ვადებზე არაფერს ამბობენ. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ხდება ცნობილი, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმება ბოლო ეტაპზეა და დეტალები მოგვიანებით, სპეციალურ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი. მანამდე კი, მხოლოდ იმის გარკვევა შევძელით, რომ ახალი სასტუმრო ძველზე გაცილებით დაბალი სიმაღლის იქნება.
ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი