ახალი ამბებისტატიები

ყოფილი „ინტურისტის“ ადგილას სასტუმროს მშენებლობის პროექტი კითხვებს აჩენს

თელავში ყოფილი ,,ინტურისტის“ ტერიტორიაზე, 130 ნომრიანი, ახალი სასტუმრო აშენდება. შენობას კომპანია „m² უძრავი ქონება“ ააშენებს.

ადგილზე, სადაც სასტუმროს აშენება იგეგმება, ძველი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. მშენებლობის დაწყებამდე ადგილობრვი მოსახლეობა, სასტუმროს პროექტის საჯარო განხილვას და მშენებლობასთან და შენობის ინტერიერთან დაკავშირებული საკითხების მათთან შეთანხმებას ითხოვს.
თელავში ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიის მიერ გამართულ პროექტის პრეზენტაციას მოსახლეობის ძალიან მცირე სეგმენტის დაესწრო და დიდი ნაწილი შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ისინი ფიქრობენ, რომ არქიტექტურული პროექტი  ქალაქის იერსახეს მკვეთრად დაამახინჯებს.

,,არ მოგვწონს კომპანიის მიერ შემოთავაზებული შენობის არქიტექტურა, ის დაამახინჯებს ქალაქს. ვფიქრობთ არ ჩაჯდება ქალაქის სტილში. საჭიროა თელაველებთან შეხვედრები, მათი აზრის მოსმენა, რას ფიქრობენ ისინი’’,– განუცხადეს knews.ge-ს ადგილობრვებმა.

თელავის მკვიდრი ნოდარ ეჟიშვილი აცხადებს, რომ „ინტურისტის“ შენობის გაყიდვამდე ხელისუფლებას  ადგილობრივი მოსახლოებისთვის აზრი უნდა ეკითხა, რადგან ის ქალაქის სავიზიტო ბარათად ითვლებოდა. მისი თქმით, ახალი შენობა ქალაქ თელავის სპეციფიკასთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს.

,,ვფიქრობ, რომ თელავის ,,ინტურისტის“ შენობა იყო ქალაქის სავიზიტო ბარათი და ვიდრე მას გაყიდიდნენ ან დანგრევას გადაწყვეტდნენ, თელაველებისთვის უნდა ეკითხათ აზრი. რაც შეეხება ახალი სასტუმროს აშენებას, თელავს, როგორც ისტორიულ ქალაქს, შეეფერება თანამედროვეობისა და შუა საუკუნეების გაერთიანებული სტილის შენობა. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ის იქნება თელავის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. იმედია, გაითვალისწინებს ინვესტორი თელავის და თელაველების აზრს. ვიდრე ახალი შენობის აშენებას დაიწყებენ, აუცილებელია მოქალაქეებთან შეხვედრა და მათი აზრის მოსმენა’’,- აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას ნოდარ ეჟიშვილმა.

„სათემო განვითარების ცენტრის“ დირექტორი და ქალაქ თელავის ახალმოსახლე ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ  დიდი ისტორიის მქონე ქალაქის განვითარებას გააზრებული ხედვა სჭირდება. მისი თქმით, ახალი სასტუმროს ამ სახით აშენება არ არის მიზანშეწონილი. მოქალაქეთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ახალი პროექტი ქალაქის ამჟამად არსებულ არქიტექტურულ კონცეფციასთან  შესაბამისი უნდა იყოს.

,,სტიქიურმა და ინვესტორის ინტერესებზე ორიენტირებულმა საქალაქო პოლიტიკამ თბილისსა და ბათუმს კარგი არაფერი მოუტანა. სრულიად გამორჩეული და უნიკალური ისტორიული ქალაქია თელავი. შემოთავაზებული პროექტი ჩემთვის პირადად არის ამ ადგილისთვის უსახური და შეუსაბამო მასშტაბის გამო. ამ ისტორიულ ადგილს სულ დაფარავს. კოშკები შეიძლება სულ ჩაიკარგოს და აღარ გამოჩნდეს მის ფონზე. ბევრს არც ინსტურისტის შენობა მოსწონდა, მაგრამ რადგან გაისარჯნენ, ანგრევენ და ფულს აბანდებენ, უმჯობესი იქნებოდა, ცოტა მეტი ეფიქრათ და სხვადასხვა ვარიანტი განეხილათ.

– მე არ ვარ სპეციალისტი, ვერ შევაფასებ პროექტის არქიტექტურულ და ურბანულ ღირებულებებს. უბრალოდ, ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ და ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა ცუდი მსგავსი პროექტები ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცეს’’,- განუცხადა knews.ge-ს ანა მარგველაშვილმა.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი განმარტავს, რომ არქიტექტორებმა ისტორიულ ქალაქებში ახალმშენებლობების დროს უნდა გაითვალისწინონ მისი ისტორიული განაშენიანების სპეციფიკა, მათ შორის მასშტაბი.

,,ახალმშენებლობა ისტორიულ ქალაქში უნდა წარმოადგენდეს ფონს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისთვის და ხელს უწყობდეს მათ წარმოჩენას. ეს მხოლოდ სურვილი და გემოვნების საკითხი არაა. აღნიშნული საკითხი რეგულირდება კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, არაერთი საერთაშორისო კონვენციითა და ქარტიით.’’

 

სასტუმროს პროექტის მიხედვით,  130 მაღალი კლასის ნომრის გარდა, მოეწყობა 2 საცურაო აუზი, რესტორნები. ამასთან ვახვახიშვილების მარანი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელსაც ისტორიული დატვირთვა ექნება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, თანამედროვე სტანდარტების ახალი სასტუმროს მშენებლობა რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

,,მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები. ვფიქრობ, თელავისთვის და, ზოგადად, კახეთის რეგიონისთვის ასეთი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა მნიშვნელოვანია. ეს რეგიონში მეტი ტურისტის მოზიდვას შეუწყობს ხელს’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ქალაქის მერმა.

კომპანია M2-ში კომპანიაში განმარტავენ, რომ მოქალაქეების მოსაზრება მნიშვნელოვანია.  ,,ჩვენთვის თითოეული თელაველის აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია. მთავარია, ეს პროექტი მათზე იყოს მორგებული და ისინი იყვნენ კმაყოფილები. ერთი შეხვედრაც სწორედ ამიტომ გაიმართა, რომ მათი აზრი გაგვეგო ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ თელაველს შევხვდეთ, გავესაუბროთ და მათი აზრი გავითვალისწინოთ. პროექტი ჯერ დამუშავების პროცესშია, ყოველდღიურად იცვლება გარკვეული დეტალები. იგეგმება კიდევ შეხვედრების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა ყველა თელაველს შეეძლება’’,- განუცხადეს knews.ge-ს კომპანიაში.

m2 -ის გენერალური დირექტორი კი აცხადებს, რომ პროექტში გათვალისწინებულია სასტუმროს ტერიტორიის ისტორიული ფაქტორი, ფუნქციონალური ნაწილი და თელავთან არქიტექტურული თავსებადობა. ირაკლი ბურდილაძის განმარტებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტებია ღვინის თემატიკა და გასტრონომია.

,,ჩვენ სასტუმროს პროექტში ჩართული გვყავს ცნობილი იტალიელი დიზაინერი მიკელე დელუკი, რომელმაც მოამზადა ეს კონცეფცია. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ რესტორნებთან, მარნებთან, სხვადასხვა პროდუქტის მომწოდებლებთან და, შესაბამისად, ხელს შევუწყობთ სამუშაო ადგილების შექმნას ამ მიმართულებით’’, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ირაკლი ბურდილაძე.

სასტუმროს მშენებლობისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის დასრულება 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.