ახალი ამბები

საქართველოში ახა­ლი ვირუ­სის, HMPV შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნულ ვირუსსა და მის საფრთხეებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, კორონა ვირუსსა და HMPV ვირუსს, იგივე მეტაპნევმო ვირუსს შორის კავშირი არ არის და ის არ გახდება პანდემიის გამოწვევის მიზეზი. ჩხაიძის ცნობით, მეტაპნევმო საქართველოში უკვე დაფიქსირებულია და საქართველოში თითქმის ყველა ბავშვს ეს ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

„არანაირი შედარება ამ ვირუსებს შორის (კორონა ვირუსი და HMPV ვირუსი) ამ თვალსაზრისით არ შეიძლება. იმიტომ, რომ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება არ ჰქონდა არავის. ეს იყო ვირუსი, რომელიც ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც შეხება გქონდა, ამ ადამიანებში იწვევდა კლინიკურად გამოვლენილს დაავადებებს. ხოლო მეტაპნევმო ვირუსი სრულიად განსხვავებულია. ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული, მათ შორის ბავშვებში, სადაც ნაჩვენებია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გადატანის მაჩვენებელი 99%-ზე მეტი იყო. იგივეა საქართველოზეც. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს ეს ვირუსი გადატანილი აქვს. ამიტომ, ამ ბავშვებში იმუნიტეტი არსებობს.

მეორე, HMPV ვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება. ის ფუფუნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ლუგარის ლაბორატორიის, საშუალებას გვაძლევს, რომ მკაცრი მონიტორინგი გვქონდეს არა მარტო გრიპზე, არამედ მეტაპნევმო ვირუსზეც. ყოველკვირეულად გვაქვს ამ ვირუსებზე მონაცემები, თუ რა რაოდენობაა ქვეყანაში. საქართველოში ეს ვირუსი ფიქსირდება, ამას რა თქმა უნდა ვადასტურებთ. ეს ახალი ვირუსი 2001 წელს არის აღმოჩენილი და 25 წლის ისტორია აქვს, მაგრამ არცერთი პერიოდი არ ყოფილა, როდესაც ამ ვირუსს მძიმე დაავადებები გამოეწვიოს ან სერიოზული ეპიდ აფეთქებები.

ეს ვირუსი ძირითადად იწვევს გაციების მსგავს სიმპტომატიკას. ამ ვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობაში და ასევე იმ ადამიანებში, რომლებსაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები ან ბრონქული ასთმა აქვთ. ხოლო 5-დან 65 წლამდე ასაკში შეუძლია გამოიწვიოს გაციება. ეს იქნება ცხვირიდან გამონადენი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, მაგრამ არა ფილტვის დაზიანება.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კომენტარი ამ მატებასთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი. ეს არის სეზონური მატება, როდესაც მოიმატა არა მხოლოდ მეტაპნევმო ვირუსმა, არამედ კორონა ვირუსმაც, გრიპმაც და ზოგადად, ჩინეთს არ გამოუცხადებია საგანგებო მდგომარეობა“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

ექიმი, სეზონური გრიპის შემთხვევებთან დაკავშირებითაც საუბრობს – საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია. არსებობს მოლოდინი, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება.