ახალი ამბები

ქვეყანაში გრიპის რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის, განსაკუთრებით A H1p წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში ბოლო 4 კვირაა მატულობს, რაც ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

,,ცირკულირებს გრიპის სხვა ტიპისა და პარაგრიპის, რინო, ადენო, რესპირაციულ სინციტიური ვირუსი და სხვა გამომწვევები (მ.შ. იშვიათად – ადამიანის მეტაპნევმოვირუსიც, რომლის შემთხვევები ყოველწლიურად აღირიცხება) და მათი გავრცელება ტიპურია მიმდინარე სეზონისთვის.
დაავადების ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდეა. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება, იშვიათად ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულება, მაგ.: ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით, ჩვილებში, ხანდაზმულებში ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში”.

HMPV ვირუსი, დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელზე ვრცელდება რესპირაციული სეკრეტებით – ხველის და ცემინების დროს, დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით და ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით.
განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, ხანდაზმულები, იმუნოდეფიციტის მქონე პირები. საყურადღებო სიმპტომებია – მუდმივი ცხელება, ლეთარგია ან სუნთქვის გაძნელება. სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში რეკომენდებულია სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.
HMPV-სთვის არ არსებობს სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ან ვაქცინა. მკურნალობა ძრითადად მოიცავს სიმპტომების მართვას, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა, რადგან გრიპისა და HMPV-ს აქტიური გავრცელების სეზონი თანხვედრაშია და ორივე ვირუსით ერთდროულმა ან ურთიერთთანმიმდევრულმა ინფიცირებამ შესაძლოა დაამძიმოს დაავადების მიმდინარეობა ან გაახანგრძლივოს გამოჯანსაღების პროცესი.

HMPV-ს პრევენცია ისეთივეა, როგორც სხვა გრიპისმაგვარი ინფექციების:
• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტისშემცველი ხსნარით.
• მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს რესპირაციული სიმპტომების მქონე ადამიანებთან.
• დარჩით სახლში, თუ ავად ხართ, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსის გავრცელება.
• ატარეთ პირბადე ხალხმრავალ ან ცუდად ვენტილირებად სივრცეებში.
• ხშირად გაანიავეთ შიდა სივრცეები და მოერიდეთ არასაჭირო მჭიდრო კონტაქტს.
• დაიფარეთ პირი და ცხვირი ხველის და ცემინების დროს.
• მოერიდეთ ჭურჭლის სხვებთან გაზიარებას.