ახალი ამბები

მიზანშეუწონელია აშშ-სთვის საქართველოს ჯარისთვის წვრთნების გაგრძელება, როცა ის ემსახურება არალეგიტიმურ მთავრობას – ჰამილტონი

ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის დირექტორი, ბობ ჰამილტონი მიიჩნევს, რომ საქართველოს სანქცირებული ხელისუფლების მეთაურობით მოქმედ ჯართან და თავდაცვის ძალებთან აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობა ნაკლებ მიზანშეწონილი გახდება. მან ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია გარკვეული ტიპის სამხედრო თუ თავდაცვითი კუთხით თანამშრომლობა ამერიკა-საქართველოს შორის იმ პირობებში, როცა მნიშვნელოვანი წვრთნები და მთავრობის ფინანსური დახმარება გაყინულია, ჰამილტონი მიიჩნევს, რომ თუკი მოვლენები არსებული ტრაექტორიით განვითარდება, ამერიკული ფინანსები ქართველების განათლებისა და წვრთნებისთვის, ამერიკასა თუ ევროპაში, დიდი ალბათობით, ასევე გაიყინება.

“ვაშინგტონში არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ სამხედრო ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს, როგორც მთლიანი ურთიერთობის მტკიცე საფუძველი და იქნებ შემდეგ შევძლოთ ამ ურთიერთობის თავიდან აშენება სწორედ ამ სამხედრო პარტნიორობაზე დაფუძნებით. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იქნება. ეს გვიცდია სხვა ადგილებშიც, სადაც ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობა მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ეს თითქმის არასდროს გამოდის. მე არ ვურჩევდი არავის საქართველოსთან დაკავშირებით ამის გაკეთებას. სამხედრო დახმარება უნდა შეწყდეს ისევე, როგორც ყველა სხვა ტიპის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის.

ეს მიზანშეწონილი არ იქნება. სულ მცირე მიზანშეუწონელია ამერიკისთვის საქართველოს ჯარისთვის წვრთნების გაგრძელება, აღჭურვილობის მიწოდება და წვრთნა, ცოდნის მიწოდება ქართული ჯარისთვის მაშინ, როცა ის ემსახურება არალეგიტიმურ მთავრობას, ავტორიტარულს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ მთავრობას. ძალიან კარგია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები არ ხდება პირდაპირ ჩართული ქვეყნის მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის ამ დაპირისპირებაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ ამერიკის ან ქართველი ხალხის ინტერესებში იყოს ის, რომ სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდეს მაშინ, როდესაც სხვა ტიპის თანამშრომლობა გაყინულია”,- განაცხადა პოლკოვნიკმა.