ახალი ამბები

ქვეყნის მასშტაბით ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი დაიწყო

2025 წლიდან ქვეყნის მასშტაბით ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი დაიწყო და დარღვევებისთვის ჯარიმები ამოქმედდა. მონიტორინგს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ადგილზე მისვლით ან ვიდეოკონტროლის საშუალებით განახორციელებს.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მონიტორინგს სააგენტო პერიოდულობით განახორციელებს.

„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალა, მონიტორინგის განხორციელება ტექინსპექტირების ცენტრებზე. მონიტორინგი სავალდებულო იქნება გარკვეული პერიოდულობით. შემოწმება მოიცავს როგორც ადგილზე სპეციალური ჯგუფების მისვლას, ასევე ვიდეოკამერების საშუალებით ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობის შესაბამისობის დადგენას ტექნიკურ რეგლამენტთან.

ცვლილებები გამოიწვევს საქმიანობის კონტროლს და მეტად მობილიზებულები იქნებიან ტექინსპექტირების ცენტრები. თუმცა მნიშვნელოვანია, ინსპექტირების პროცესი კომპეტენტურმა კადრებმა განახორციელონ, რადგან დარღვევების შემთხვევაში საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციებია,“ – აღნიშნავს შიოლაშვილი.

როგორც მანვე განმარტა, ტექინსპექტირების ცენტრებს ადგილზე ვიდეომონტაჟის ვალდებულება წლებია გააჩნიათ, აქედან გამომდინარე, ცენტრებში ვიდეოკონტროლი უკვე ხორციელდება და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შემოწმების განხორციელება უპრობლემოდ შეუძლია.

რაც შეეხება ადგილზე შემოწმებას, როგორც ცნობილია, სპეციალური ჯგუფების მხრიდან ხელახლა მოხდება ინსპექტირების ცენტრში უკვე შემოწმებული ავტომობილის ინსპექტირება, შეადარებენ ინსპექტირების ორგანოში დასრულებული ინსპექტირების ანგარიშს და თუ მოხდა ისე, რომ ამ ჯგუფის მიერ გადამოწმებული ავტომობილის ინსპექტირების შედეგი არის განსხვავებული და ინსპექტირების ცენტრის მიერ არ იქნა დაფიქსირებული რაიმე სახის ხარვეზი, რაც ჰქონდა ავტომობილს, გამოიწერება ინსპექტირების ცენტრზე შესაბამისი ჯარიმა.

აღსანიშნავია, ისიც რომ შინაარსიდან გამომდინარე, ხარვეზი შეიძლება იყოს სახიფათო, მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო. სახიფათო ხარვეზის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი – 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში – 2000 ლარით, ხოლო თუ უმნიშვნელო ხარვეზი ჰქონდა ავტომობილს – 500 ლარით დაჯარიმდება.