ახალი ამბები

რა შედეგებს მოუტანს სოფლის მეურნეობას ევროპასთან მოლაპარაკებების შეჩერება

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომელიც 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შეჩერებას შეეხება, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 25 დღეზე მეტია რაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება, გაიმართა სხვადახვა სფეროს წარმომადგენლების და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეების საპროტესტო მარში. აქციის მონაწილეები ერთხმად აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის დასაბრუნებლად პირველრიგში აუცილებელია ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, ასევე უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება, ქვეყნისთვის საზიანო კანონების გაუქმება და ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმების და მოთხოვნების შესრულება.

უწყვეტი აქციების ფარგლებში, აღნიშნული მოთხოვნებით გაიმართა ასევე კახელების და ფერმერების მარში. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ევროპული განვითარება ყველა დარგს სჭირდება. მათი თქმით, ქვეყანა ევროპის დახმარების გარეშე ვერ იარსებებს. აქციის მონაწილე ფერმერების თქმით, ევროინტეგრაციისთვის მოლაპარაკების შეჩერება გამოიწვევს სოფლის მეურნეობისთვის სავალალო შედეგებს.

,,ჩემი ბიზნესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ევროპული დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა და წინ წამოვიდა. შესაბამისად ჩვენი მთავარი სწორება არის რომ ევროპულ ბაზარზე ვმუშაობთ, გვეხმარებიან მუდმივ განვითარებაში და ჩვენთვის როგორც ძალიან პატარა მცირე ბიზნესისთვის, ევროპასთან ურთიერთობაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. შესაბამისად მოლაპარაკებების გაჩერება ეს იქნება დამღუპველი მცირე ბიზნესისთვის. მხარდაჭერის გარეშე მცირე ბიზნესი ვერ განვითარდება. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა და ყველა ძალა და ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს პროცესი ისევ აღდგეს. ჩვენი სამომხმარებლო ბაზარი ევროპულია ძირითადად და როცა ერთ დარგს პრობლემა აქვს, ყველაფერი მოქმედებს. ასე ყველაფერი ჩამოიშლება და ცუდ შედეგებამდე მივალთ”,- განუცხადა knews.ge-ს მეწარმემ თეონა თაბორიძემ, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში ეკოტურისტულ კომპლექსს ფლობს. ,,Melaanian vintage’’ ტურისტებს, სხვა სერვისებთან ერთად, განთავსების ადგილს, გასტრონომიულ მასტერკლასებს, ისტორიული ადგილების დათვალიერებას და ჩაის ტურებს სთავაზობს.

თეონას მსგავსად, სხვა ფერმერებიც აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის დარგს სჭირდება ევროპული განვითარება და ეს არის ერთადერთი ნორმალური არჩევანი, რაც შეეძლო გაეკეთებინათ წინაპრებს.

,,ფერმერები შევიკრიბეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მოვიტანეთ პრეპარატებიც იმისთვის, რომ ჩვენ ფერმერები მავნებლებს ვებრძვით პრეპარატებით. ეს არის ერთგვარი პერფორმანსი, რომ ჩვენ მათ დავანახოთ, რომ არ გვინდა მოძალადე მთავრობა. ჩვენი გზა არის ევროპაში, მხოლოდ ეს არის გამოსავალი, რადგან იქ როგორც ადამიანის, ასევე ცხოველების უფლებები არის დაცული და რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის კატასტროფა”,- განაცხადა თბილისში გამართულ აქციაზე წნორში მცხოვრებმა ნიკა ბაგალიშვილმა, რომელიც ბიომეურნეობას ფლობს.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ გრძელვადიან პერიოდში ევროინტეგრაციისთვის მოლაპარაკების 2028 წლის ბოლომდე შეჩერება  გამოიწვევს სოფლის მეურნეობისთვის სავალალო შედეგებს. მისი თქმით, წლების განმავლობაში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა, პროცესების შეჩერებამ კი დარგში როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური დახმარებების შეჩერება გამოიწვია.

„ევროკავშირის დღის წესრიგი ასოცირების შეთანხმების შემდეგ დადგა ქვეყანაში როგორც ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ბევრი რეფორმის განხორციელების კუთხით. ერთ-ერთი ასეთი არის სოფლის მეურნეობა, სადაც მნიშვნელოვანია იმ სტანდარტებთან დაახლოება, რომელიც ევროკავშირში მოქმედებს. რეფორმების დანერგვის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი სურსათის უვნებლობის მიმართულებით. არამხოლოდ სურსათის უვნებლობის, ევროკავშირი საქართველოს სხვა მიმართულებითაც ეხმარებოდა. ამაზე მოდიოდა მთელი რიგით დახმარებები, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანდა ფინანსურ ნაწილში, როდესაც თუნდაც იგივე მცირე და საშუალო ბიზნესზე ასეულობით მილიონი იყო გამოყოფილი ყოველ წელს. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საუბარია დაახლოებით 700 მილიონი ლარის ფინანსურ დახმარებაზე. დახმარება მიმართული იყო იყო სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის გაძლიერებაზე, სოფლის მეურნეობისა და ფერმერების განვითარებაზე, ტექნიკურ გადამზადებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ა.შ. ეს იყო მთავარი მამოძრავებელი, რითაც ძალიან სარგებლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობა.

როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, დანადგარებზე სხვადასხვა საწარმოში, ეს ყოველივე შეძენილია ევროკავშირის გრანტებით. როდესაც საუბარი არის ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების შეჩერებაზე, ეს ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით ჩამოთვლილი დღის წესრიგიც ჩერდება. ფინანსებთან ერთადაც ეს პერსპექტივა და აქამდე გაწეული სამუშაო, ფაქტობრივად, შეჩერებულია“, – განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. ამასთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ უარს ამბობს ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე.