ჩაის ტურები ტურისტებისთვის- როგორ ხვდება ტურისტულ სეზონს სოფელ მელაანში მოქმედი მეურნეობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მოქმედი აგროტურისტული მეურნეობა ,,Melaanian vintage’’ ტურისტებს, სხვა სერვისებთან ერთად, ჩაის ტურებს სთავაზობს.
ადგილზე მისულ ტურისტებს გარდა განთავსების ადგილისა, შეუძლიათ ისარგებლონ გასტრონომიული მასტერკლასებით, დაათვალიერონ ისტორიული ადგილები და ისარგებლონ გასვლითი ტურებით ბუნებაში.
ეკო ტურისტული კომპლექსი პროფესიით ტურიზმის მენეჯმენტის მაგისტრმა, თეონა თაბორიძემ შექმნა. ახალგაზრდას მსგავსი საქმიანობის დაწყების სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. ის ამბობს, რომ ჩაის ტურები, რომელიც განსხვავებულია ყველასგან, მოიცავს მდინარე ლაკბეს ხეობაში ველური ჩაის შეგროვებას.
„ყველასათვის ცნობილია ჩვენი ეკოტურისტული მეურნეობის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი ბიო-ნატურალური ჩაი. გვაქვს ველური ვარდის კოკრების და ბარამბოს ფურცლების ჩაი. ასევე, სეზონზე კიდევ ერთი უნიკლური გამოცდილება შევთავაზეთ ბაზარს, ეს არის ჩაის შეგროვების აგრო-შემოქმედებითი ტური. მაშინ, როცა ჩვენი მეგობრები, ადგილობრივი მოხალისეები გვეხმარებოდნენ ნედლეულის შეგროვებაში, ყველა აღნიშნავდა რამდენად საინტერესო, სასიამოვნო და დაუვიწყარია ველური ვარდის კოკრების შეგროვება. სწორედ ეს იყო ტურების შექმნის ინსპირაცია, რომელიც მოიცავს ჩაის შეგროვებას, ჩაის ცერემონიას მეურნეობაში და საკუთარი ხელით შეგროვებული ჩაის გაშრობას და თან წაღებას. ახლა დავიწყეთ ეს და იმედი გვაქვს, რომ მოთხოვნა იქნება. მთელი წელი წინ გვაქვს.
გვყავს როგორც ადგილობრივი დამსვენებლები ასევე უცხოელი სტუმრები, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჩაის ტურით დაინტერესებული ადამიანები ღამისთევითაც სარგებლობენ და დანარჩენი სერვისებითაც. ვფიქრობ, ეს სეზონი საინტერესო და შედეგიანი იქნება,”– აღნიშავს თეონა თაბორიძე.
მისი თქმით, საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმრო რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს. თეონა განმარტავს, რომ Melaanian Vintage–მა „აწარმოე საქართველოს“ 17 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. საოჯახო სასტუმროში ამ ეტაპზე 4 ნომერია, რომელშიც 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
თეონა ამბობს, რომ პანდემიამ მათ საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, წელს კი განახლებული და სრულყოფილი სერვისებით ხვდებიან ვიზიტორებს.
,,კომპლექსი Melanian vintage – Guest house არის ეკო-ტურისტული ობიექტი, ეს არის ადგილი, სადაც სტუმრები აღმოაჩენენ სრულიად უცნობ სივრცეს და კახეთს_ თავისი უცხო ბუნებრივი რესუსრებით. განსხვავებული, სოფლისათვის დამახასიათებელი ლოკალური გასტრონომიით, ბიო ნატურალური ბალახოვანი ჩაიებით, სათავგადასავლო შთაბეჭდილებებით სავსე ტურებით და რაც მთავარია დაისვენებენ მყუდრო ეკო-ვინტაჟურ გარემოში. სასტუმროს თითოეულ ნივთს, დეკორაციას, ფერს განსაკუთრებული დატვირთვა და ისტორია აქვს. ჩვენთან მოსულ სტუმრებს დილით საუზმეზე დახვდებათ არა იმპორტირებული ჩაი, არამედ მელაანის ტყე-მინდვრებში მოგროვებული ბაალხოვანი მცენარეები: ბარამბოს ფურცლები, ასკილის კოკრები, კუნელის ყვავილი, ტყის კენკროვან კულტურაზე დამზადებული ნუგბარი და ჩვენი სოფლისთვის დამახასითებელი როგორც ტკბილეული, ასევე გულსართიანი ღვეზელები.
საქმიანობა რამდენიმე წელია დავიწყეთ. პანდემიის შემდეგ, საბედნიეროდ, წელს სრულყოფილ სერვისებს მივაწვდით მომხმარებლებს. ამ ეტაპზე შევძელით უკვე გვემასპინძლა რამდენიმე საერთაშორისო ტურისტული ჯგუფებისთვის, დეგუსტაცია-მასტერკლასების მიმართულებით,’’- განუცხადა Knews.ge-ს თეონა თაბორიძემ.
ახალგაზრდა განმარტავს, რომ გარდა სხვა სერვისებისა, ვიზიტორებს ასევე ძალიან მოსწონთ გასტრონომიული მასტერკლასები.
,,გასტრონომიულ დესგუტაცია-მასტერკლასები ძალიან მოსწონთ ვიზიტორებს. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ჭინჭრის ხინკალი, ლობიოში ჩახარშული პური, თონის ხაჭაპურები და თონის მჭადები, შინდისა და აკაციის მწნილები. მოკლედ, რომ ვთქვათ, ყველაფერი, რისი დაგემოვნებაც შეეძლებათ მომხმარებლებს, არის ჩემი ოჯახის მიერ ნაწარმოები. დაწყებული ხორბლის ფქვილიდან, დასრულებული მზესუმზირის ზეთით, ნატურალური ღვინითა და ჩაროზებით,” – აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას თეონა თაბორიძე.