ახალი ამბები

საცხოვრებელი უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქებზე გაყიდვა შესაძლოა, აიკრძალოს

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა შესაძლოა, აიკრძალოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქის საკანონმდებლო წინადადება მე-11 მოწვევის პარლამენტში უკვე წარდგენილია.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის შესაბამისად 2024 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შეადგენს 2 004 ლარს. უძრავი ქონების, ერთ ოთახიანი (35-40კვ.მ.) ბინის მინიმალური საბაზრო ღირებულება კი თბილისში იწყება თითქმის 45 ათასი დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და დიდი სხვაობა რეგიონებთან მიმართებითაც არ არსებობს.

საქართველოს მოქალაქეების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, მოთხოვნათა მსგავსად, გთხოვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ასევე აიკრძალოს საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საცხოვრებელი ბინის შეუზღუდავი ნასყიდობები, საკუთრებაში გადაცემის პირობით, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის საქართველოს მოქალაქისთვის უძრავი ქონების შეძენას, მზარდი და მწვავე ფინანსური კონკურენციიდან გამომდინარე, რაც საბოლოო ჯამში, ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს,“ – აღნიშნულია მოქალაქის საკანონმდებლო წინადადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ამ საკანონმდებლო წინადადებების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.