PACE-ს თანამომხსენებელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე – უნდა მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო
ჩემი წინადადებაა, არ გამოქვეყნდეს კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ, ჩვენ როგორც მთელმა საპარლამენტო ასამბლეამ, ასევე ცალკეულმა პარლამენტმა, უნდა მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და მკაფიოდ და მტკიცედ განვაცხადოთ იმ შედეგების შესახებ, რაც კანონის მიღებას მოჰყვება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა საქართველოს საკითხებში ედიტ ესტრელამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გააჩინა ეჭვები საქართველოს უნართან დაკავშირებით, დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები და ერთგული იყოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი მკაცრმა რიტორიკამ და მათზე თავდასხმებმა შეცვალა, ვინც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს. აღარ შეგვიძლია ვისაუბროთ პროგრესზე, არამედ სიტუაციის გაუარესებაზე და უკანდახევაზე. როგორც საქართველოს ბევრი მეგობარი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც ქვეყანაში ხდება, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს დაძლიოს გამოწვევები მის გზაზე და ხალხი გააგრძელებს დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნა ესტრელმა.
მან საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელახლა ინიცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და კანონი დაჩქარებული წესით მიიღო.
„ჩვენი ასამბლეის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიისგან სასწრაფო დასკვნა მოითხოვა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა კანონი უჩვეულოდ ნაჩქარევად მიიღო, ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე. საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დადო. ვენეციის კომისიამ ახლახან გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება და ძალიან ნათლად აცხადებს, რომ კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არის ფუნდამენტურად გაუმართავი. ის ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს და დემოკრატიას და უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნა ედიტ ესტრელამ.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოუწოდოს, რომ კანონი არ გამოქვეყნდეს.
„ახლა ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. მე მაქვს სამი წინადადება: პირველი: არ გამოქვეყნდეს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ჩვენ, როგორც ასამბლეამ, ასევე ცალკეულმა პარლამენტებმა, მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტოს, მკაფიოდ და მტკიცედ უნდა განვაცხადოთ იმ შედეგების შესახებ, რაც კანონის მიღებას მოჰყვება. მეორე, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ეს მოვლენები ამჟამად ვითარდება დაგეგმილი არჩევნების ფონზე. ასამბლეამ ამ არჩევნებისთვის საქართველოში უნდა გაგზავნოს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ბოლოს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დიალოგი და ამის გასაკეთებლად ძალიან მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რა არის ჩვენი მოლოდინები, ჩვენი შეშფოთება და ჩვენი რეკომენდაციები“, – აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა საქართველოს საკითხებში.