ახალი ამბები

,,აგენტების კანონი” ბუმერანგის პრინციპით

რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებიდან და მარტის აქციებიდან ერთი წელი გავიდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო.
დოკუმენტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტებად” მოიაზრებოდა ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი ,,უცხოური ძალაა”.

ერთი წლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში კვლავ დააინიცირა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება.

მანვე გვამცნო, რომ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ამ კანონის განხილვას მოყვება გაცილებით უფრო მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი, ვიდრე გასულ წელს.

,,რატომ მაინცდამაინც ახლა, რა ტიპის გამოწვევების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ამ ნაბიჯმა და რა შედეგი შეიძლება დადგეს? მარტის გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონის განხილვა თუ დაიწყება, აუცილებლად მოყვება ფართო საზოგადოებრივი პროტესტი. ამ ტიპის პროტესტი, წინასაარჩევნო პერიოდში, მოწყვლად რეგიონში და მითუმეტეს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში პროვოცირების შემთხვევაში, შეიძლება გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს თვალნათელია_ რუსეთის“.

პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს დასავლელ პარტნიორებზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შანსებზე და ამბობს რომ წელს არანაკლები რეაქცია მოყვება მათგან ვიდრე შარშან, რადგან ეს ნაბიჯი მიმართულია ევროკავშირში გაერთიანების პროცესის საბოტაჟისკენ.

,,ანალოგიური და უფრო მძაფრი რეაქცია იქნება ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება, რომელიც თითქოსდა ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისი დამსახურებაც არის, ამ კანონპროექტის ინიცირებით აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაბლოკოს საქართველოს სამომავლო გზა ევროკავშირისკენ“.

ხათუნა ლაგაძიზე საუბრობს საზოგადოების განწყობებზე და ამბობს, რომ კანონპროექტის დღის წესრიგში დაყენება მოხდა მაშინ, როდესაც საქართველომ მოახერხა 30 წლის მანძილზე დამარცხებულის სინდრომის დაძლევა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა განწყობის ფონზე მოხდა კანონპროექტის შემოტანა. ბოლო 30 წლის მანძილზე დამარცხებულის სინდრომი დავძლიეთ, ვგულისხმობ საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლას ევროპაზე. ეს იყო იმგვარი სახალხო სიხარული და ბედნიერება, რომელმაც წაშალა ყველა გამყოფი ხაზი ქართულ საზოგადოებაში. ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო არ ქონდა მნიშვნელობა, ყველა ერთმანეთს ულოცავდა. აქედან გამომდინარე სოციალური ქსელების ანალიზიც ძალიან საინტერესო იყო. მტრული, დაპირისპირებული, აგრესიული პათოსის რიტორიკის მქონე პოსტები თითქოს არ ჩანდა. აღმოჩნდა, რომ თურმე შეგვძლებია საჭირბოროტო საქმეებზე ძალიან მშვიდობიან ტონში საუბარი. ამ დროს ხელისუფლებას შემოაქვს კანონპროექტი, რომელიც იყო ბოლო დროის ყველაზე კონფორტაციის მუხტის მატარებელი. საზოგადოებაში ისევ ჩამოაგდონ განხეთქილება, ისევ დაგვყოს დაპირისპირებულ ბანაკებად. თუნდაც მხოლოდ კახეთში, რამდენი პროექტი განხორციელდა მხოლოდ ღვინის ინდუსტრიის აღორძინებაზე? რამდენი წარმოებაა გახსნილი კახეთში სწორედ ევროპული და ამერიკული ფინანსური მხარდაჭერით? სწორედ იმ გრანტებით, რომელსაც ხელისუფლება აპირებს, რომ უწოდოს უცხოური გავლენის მოსახდენი ფული. როცა ვაზის ნერგი ნაყიდია ევროპული და ამერიკული ფულით, იმ ყურძენზე უცხოური აგენტები იზრდებიან? ან ამერიკული გავლენაა იმ ყურძნის მტევანში?“

პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს დაფინანსების საკითხზეც და განმარტავს, რომ დასავლური დაფინანსება გამჭვირვალეა.

,,გაუმჭვირვალობა წარმოუდგენელი და სრული აბსურდია. რა ფულიც შემოდის, მას ქვია თავისი სახელი და ყველამ იცის რა ფულია. ამასთან ერთად, მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე ომი მოიგება ომამდე. როგორ? ფსიქოლოგიური და საინფორმაციო დივერსიული ოპერაციებით. თუ დაპყრობის სურვილი აქვს ერთ ქვეყანას მეორესი, წლებით ადრე ის იწყებს საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას სამიზნე ქვეყნის საზოგადოებაზე. უპირველეს ყოვლისა, რომ გახლიჩოს საზოგადოება, მოახდინოს სრული იმედგაცრუების გაღვივება, წაკიდოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთზე, საზოგადოებაში გააჩინოს კაპიტულაციის და უსუსურობის განცდა. მოიგოს ომი ომამდე, რომ თავიდანვე იყოს განცდა რომ ქვეყანა დამორჩილდეს მტერს.“

პოლიტოლგთან ინტერვიუ იხილეთ ლინქზე