ახალი ამბები

მუნიციპალიტეტების უმეტესობაში წყლის ხარისხი არ მოწმდება

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში არსებული მუნიციპალიტეტების უმეტესობას თავისი წყლის კომპანია არ ჰყავს და ვერ ხერხდება ბევრ დასახლებულ პუნქტში ოპერირება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტებში, უმეტეს შემთხვევაში, სათანადოდ არ მოწმდება წყლის ხარისხი, არ არის მრიცხველები, არ ხდება მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა და ა.შ. ხოლო ის კომპანიები, რომლებიც მუნიციპალიტეტებშია – არალიცენზირებულია. შესაბამისად, მათი საქმიანობა არ კონტროლდება და არ რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ.

„აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ დააფინანსოს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. შესაბამისად, აუცილებელია სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომ თითოეული მომხმარებლის ინტერესი იყოს დაცული. ამისათვის სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია და წყალმომარაგების სექტორის სერვისები დალაგდეს ერთიანი სისტემის სახით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.