ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

არის თუ არა არასწორად დასათაურებული თელავში, ისტორიული შენობები

თელავში მცხოვრები მოსახლეობა, ისტორიული სახლების არასწორად დასათაურებას და აბრებზე არასწორი ინფორმაციის დატანას აპროტესტებს.

მათი თქმით, აბრებზე, რომელიც ისტორიულ ძეგლებზეა მიმაგრებული, არასწორი ინფორმაციაა დაწერილი და ის განსხვავდება ისტორიულ წყაროებში არსებული ინფორმაციისგან.

ამ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ თელავში ისტორიულ ძეგლებზე განთავსებულ საინფორმაციო დაფებზე სახელწოდებებისა და თარიღების დაფიქსირებისას, ხელმძღვანელობენ სამართლებრივი დოკუმენტებით, რომელებიც დამტკიცებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.



“საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 თებერვლის N3/46 ბრძანებით ქალაქ თელავში, გვირაბის ქუჩა N35-ში (ახალი დამისამართებით გვირაბის ქუჩა N18) მდებარე ობიექტს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი როგორც „როსტომის აბანო“ და დათარიღებულია XVII საუკუნით.

რაც შეეხება სახელწოდებებს „ძველი აბანო“, „როსტომის აბანო“, „თეიმურაზის აბანო“, როგორც ცნობილია, აბანოების სახელები ხშირად მათი მფლობელის სახელიდან გამომდინარეობდა, ამიტომ იცვლებოდა აბანოთა სახელწოდება იმის მიხედვით, თუ ვის მფლობელობაში იყო იგი. აღნიშნული ძეგლის აგების თარიღად XVII ს-ის II ნახევრი მიიჩნევა, რაც ძეგლის ინტერიერში შემორჩენილი არქიტექტურული ფორმებით და საკვლევად გაკეთებული შურფებით დასტურდება. როგორც ყველასთვის ცნობილია, თეიმურაზ II, რომლის სახელსაც გარკვეული პირები ძეგლს მიაკუთვნებენ, 1700-1762 წლებში მოღვაწეობდა. ხოლო როსტომ მეფე, ქართლ-კახეთის მეფე 1648-1656 წლებში იყო (XVII საუკუნის მეორე ნახევარი). მისი მმართველობის ხანაში, ქვეყანაში მასობრივად დაიწყო ირანული ყაიდის აბანოების შენება. ხოლო ძეგლი, მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით, აღმოსავლური ტიპის აბანოების ჯგუფს მიეკუთვნება და შესაბამისად, სამართლიანად არის დაკავშირებული როსტომ მეფის სახელთან.

ლ. ანდრონიკაშვილი – ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, თელავი, ძველი აბანოს რეაბილიტაციის პროექტისთვის, თბ. 2022 წ. გვ.3
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი N8 – შემდგენელი – ლალი ანდრონიკაშვილი, თათია ღვინერია, ვახტანგ გაგნიძე – 22.11.2017 და სააღრიცხვო ბარათი N9 – ლ. ანდრონიკაშვილი, ქ. მიქელაძე, დ. გივიშვილი – 09.07.2005. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა თბ. 2015 – 002. „როსტომის აბანო“.

რაც შეეხება ქალაქ თელავში, ბაგრატიონის ქუჩა N7ა-7ბ-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს „სავაჭრო რიგი“, გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა მისამართის ცვლილება, შემსრულებელი კომპანიის მიერ შეცდომით მოხდა აღნიშნულ ძეგლზე აბრის განთავსება, რაც ძეგლთა დაცვის განყოფილების თანამშრომლების მიერ შეცდომის აღმოჩენისთანავე გამოსწორდა (დაახლოებით 10 თვის წინ).

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ქალაქ თელავში ისტორიულ ძეგლებზე განთავსებულ საინფორმაციო დაფებზე სახელწოდებებისა და თარიღების დაფიქსირებისას ვიხელმძღვანელეთ სამართლებრივი დოკუმენტებით, რომელებიც დამტკიცებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.”- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.