გაიცანით კახელი ბალერონი გივი ტაბახმელაშვილი
ქართული ბალეტის ვარსკვლავების: ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგანაძის პარტნიორი, 90 წლის ბალერონი გივი ტაბახმელაშვილი, წლებია გურჯაანის კულტურის სახლში მოღვაწეობს და ცხოვრობს.
დიდი თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი გივი ტაბახმელაშვილი 20 წელზე მეტია გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრს ხელმძღვანელობდა და ბავშვების განათლებასა და კულტურაზე ზრუნავდა.
როგორც თავად ამბობს, ცეკვით 8 წლის ასაკიდან არის გატაცებული და ამ სფეროში წარმატების მისაღწევად ბევრი შრომა დასჭირდა. ცეკვაზე შეყვარებული ყმაწვილი 17 წლის იყო მამიდამ ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში, დავით ჯავრიშვილთან მიიყვანა. რამდენიმე წელის შემდეგ კი, ის თეატრში სტაჟიორად მიიღეს. მოგვიანებით საბალეტო მსახიობი გახდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი წინსვლა ხელოვნებაში.
,,ორი წელი დავდიოდი ცეკვის წრეზე და ძალიან შემიყვარდა. როცა ჩემმა მშობლებმა თბილისში წამიყვანეს, მამაჩემმა ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმიყვანა და ჩამსვეს ჯგუფში. შემდეგ თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანი მოვიდა და მისი ინიციატივით, მოზრდილთა ჯგუფში გადამიყვანეს. ძალიან მიყვარდა ცეკვა, ავუღე ალღო, ვსწავლობდი კლასიკურ სამეჯლისო, ხალხურ და საბალეტო ცეკვებს და სხვა. ენერგიას არ ვზოგავდი. ერთხელაც სპექტაკლი გვქონდა სახელწოდებით ,,წითელი ყაყაჩო’’ და მთავარი როლის შემსრულებელი ავად გახდა, მისი ჩატარების დრო კი, დანიშნული იყო. მთხოვეს, მის მაგივრად მეცეკვა და დავთანხმდი. ძალიან კარგად შევასრულე და ამის შემდეგ, 1952 წელს მიმიწვიეს ოპერისა და ბალეტის თეატრში სტაჟიორად, შემდეგ კი, შტატში ჩამსვეს.’’
ტაბახმელაშვილი ოპერის და ბალეტის თეატრში მუშაობის წლებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ თავდაუზოგავი შრომით და ცეკვის სიყვარულით მან ბევრ წარმატებას მიაღწია. საერთაშორისო ფესტივალებზე ვახტანგ ჭაბუკიანთან, ვერა წიგნაძესთან და სუხიშვილების საბალეტო დასთან ერთად არაერთი ქვეყნის სცენა დაიპყრო. ოპერისა და ბალეტის თეატრში 21 წლიანი მუშაობისას 36 ქვეყანის მაყურებლის წინაშე წარდგა, რაზეც უამრავი ჯილდო და ღირსების ორდერი მეტყველებს, 2008 წელს კი საპატიო გურჯაანელის წოდება მიენიჭა.
,,ძირითადად ვცეკვავდი კლასიკას, ბოშურ, ქართულ და ესპანურ ცეკვებს. ქართულ კლასიკურ ბალეტებში უფრო ხშირად ვმონაწილეობდი, ასევე, საზღვარგარეთ მსოფლიო ფესიტივალებზე დავდიოდი სუხიშვილებთან ერთად. მონაწილეობა მივიღე მსოფლიო ხალხთა ფესტივალშიც და უამრავი ჯილდოც დავიმსახურე. ბოლოს ინგლისში ვიყავი ცნობილ ქართველ ბალერინა მარინა გოგიჩაიშვილთან ერთად და იქ ვასახელეთ საქართველო. 21 წელი ვცეკვავდი, შემდეგ ფეხი ვიტკინე და პენსიაზე გავედი, ამის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმეისტერმა გოგი ალექსიძემ ქართული ბალეტის რეპეტიტორად და დირექტორად დამნიშნა, მევალებოდა ახალგაზრდების მომზადება და მათთვის რეპეტიციის გავლა’’,- აღნიშნავს ტაბახმელაშვილი.
კახელი ბალერონი იხსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა ჰქონდა, როდესაც გაიგო გურჯაანში კულტურის განვითარებისთვის პროფესიონალი კადრი სჭირდებოდათ, გადაწყვიტა ბალეტი დაეტოვებინა, თოჯინების თეატრს სათავეში ჩასდგომოდა და თავისი გამოცდილება მომავალი თაობისთვის გაეზიარებინა. მაშინ, როდესაც თეატრის ხელმძღვანელად დაინიშნა, ცარიელი შენობა ჩააბარეს. საკუთარი ენთუზიაზმით, კულტურის და ხელოვნების სიყვარულით კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი კულტურული კერა შექმნა, თოჯინების თეატრი თავადაც შეიყვარა და ბავშვებს საყვარელი სპექტაკლები დღემდე შემოუნახა. წარმატების მიუხედავად, სათანადო დაფინანსების არქონის გამო, მისი დირექტორობის დროს, თოჯინების თეატრის 58 თანამშრომლიდან მხოლოდ 12 დარჩა. სწპრედ ამის გამო იგი თეატრის დირექტორობის გარდა, შენობის დაცვის ფუნქციასაც ითავსებდა და დარაჯად მუშაობდა.
,,გურჯაანის თეატრის ცარიელი კედლები ჩამაბარეს, ყველაფერი მე გავაკეთე, ყველა ტექნიკა და აუცილებელი ნივთებით სულ მე მოვამარაგე. თოჯინების თეატრმა ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად 1991 წელს მიიღო სახელმწიფო თეატრის წოდება.’’
გივი ტაბახმელაშვილის თაოსნობით გურჯაანში 49 სხვადასხვა სახეობის წრე ქალთა კაპელა, ქალთა ანსამბლი, ცეკვის და სახალხო ანსამბლები შეიქმნა, რომლებმაც გურჯაანს წარმატება მოუტანეს. კახელი ბალერონი ოცნებობს, რომ შექმნას ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც მსოფლიო ხალხთა ცეკვებს, სიმღერას, დახვეწილად მეტყველებას და მსახიობის ოსტატობას შეასწავლის.